საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძისგანცხადებით, თანამდებობის დატოვებას ის მიმდინარე წლის გაზაფხულზე აპირებდა, რის შესახებაც მაშინ პარტიის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილსაც ესაუბრა, მისი სიტყვებით საბოლოო კონსულტაცია მმართველი პარტიის პოლიტიკურ გუნდთან გუშინ ჰქონდა. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ სატელევიზიო ტოკ-შოუების წამყვანებთან საუბარში განაცხადა.
„მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა. ამის შესახებ პირველი საუბარი მქონდა გაზაფხულის ბოლოს, მათ შორის პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან. ბუნებრივია, ეს საუბრები გრძელდებოდა. მე გუშინაც მქონდა საბოლოო კონსულტაცია ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება. ის საფუძველი და მიზნები, რაც იყო ჩემი ამ პოსტზე წარდგენისას, არის მიღწეული. სტრატეგიული განვითარების ჩარჩო არის შექმნილი და დანერგილი. ის მიზნები და ამოცანები, რომელიც მე მამოძრავებდა და ამ მიზნების მისაღწევად მომცა გუნდმა მანდატი და ნდობა, მიღწეულია“, - განაცხადა ბახტაძემ.
მამუკა ბახტაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. მან განცხადება ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა.