Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბახტაძე 20 ივნისის ღამის შესახებ: ეს არის ტკივილი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება


სატელევიზიო ტოკშოუების წამყვანების წინაშე საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 20 ივნისის ღამის შესახებ ისაუბრა.

„რაც შეეხება 20 ივნისის ღამეს, ეს არის ტკივილი და ტვირთი, რომელიც მე სიცოცხლის ბოლომდე გამყვება. დარწმუნებული ვარ, გაჰყვება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს“, - ამბობს მამუკა ბახტაძე.

ყოფილი პრემიერი საკუთარ განცხადებაც იხსენებს, რომელიც წინ უძღოდა პოლიციის ქმედებას.

„სოციალურ ქსელებში და „ნაციონალური მოძრაობის" მართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვიყენებთ რეზინის ტყვიებს, სხვადასხვა ტიპის გაზს და ა. შ. ქართული ოცნების ხელწერა ეს არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს იქნება, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს მშვიდობიან მოქალაქეებზე“, - აცხადებდა მამუკა ბახტაძე 20 ივნისს, საღამოს.

ბახტაძის თქმით, 7 წელია, რაც „ქართული ოცნება" არის ხელისუფლებაში და მოახდინა იმის დემონსტრირება, რა ღირებულებებით საუბრობს საზოგადოებასთან.

„როდესაც მე ეს სიტყვები ვთქვი, ბუნებრივია, განწყობა იყო ასეთი და ეს განწყობა ერთი წამითაც არ შეცვლილა“, - თქვა ბახტაძემ და განმარტა მიზეზები, რამაც მისი აზრით, პოლიციის ქმედება გამოიწვია, - „ამავე დროს თქვენ თვითონ ნახეთ ის კადრები, როგორ მიმდინარეობდა საქართველოს პარლამენტის შტურმი. პოლიცია, ეს პასიური კორდონი ფიზიკურად ვეღარ ამაგრებდა უკვე და ვეღარ უწევდა წინაღმდეგობას შტურმს. მათ მოუწიათ ამ სპეციალური საშუალებების გამოყენება, სამწუხაროდ. ეს არის ძალიან დიდი ტკივილი, რომელიც მე სიცოცხლის ბოლომდე გამყვება“.

მამუკა ბახტაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. მან განცხადება ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა.

XS
SM
MD
LG