Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნება" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე მსჯელობს


"სირცხვილია"-ს აქტივისტები "ქართული ოცნების" ოფისთან
"სირცხვილია"-ს აქტივისტები "ქართული ოცნების" ოფისთან

„ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში მიმდინარეობს მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელზეც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მთავრობის შემადგენლობაზე მსჯელობენ.

პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, ამავე საკითხს განიხილავს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა.

ამ სხდომების შემდეგ გახდება ცნობილი, ვის წარადგენს "ქართული ოცნება" პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძის ნაცვლად, რომელიც 2 სექტემბერს გადადგა.

„ქართული ოცნების“ ოფისთან იმყოფებიან საპროტესტო აქციის, „სირცხვილია“-ს ორგანიზატორები საყვირებით და პლაკატებით, "სირცხვილია" და „წადი.“ ისინი მოითხოვენ, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობაში საერთოდ აღარ იყოს გიორგი გახარია.

ამასთან, მედიით გავრცელებული ცნობებით, „ქართული ოცნება“ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას განიხილავს პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად.

აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუ გიორგი გახარია მთავრობის მეთაურის თანამდებობას დაიკავებს, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს.

„ჩვენ ვადასტურებთ, რომ მზად ვართ ყველა ფრონტზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გახსნა, ვიყოთ აქტიური და პასუხი გავცეთ. „ქართული ოცნება“ უნდა მიხვდეს, რომ 76-ე დღესაც კი არ შევშინებულვართ, არ დავღლილვართ და კიდევ უფრო მეტი ვიქნებით" - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საქართველოში აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც 20-21 ივნისს, სამართალდამცავებმა სპეციალური საშუალებებით დაშალეს პარლამენტთან მიმდინარე, რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია. დაშავდა ორასზე მეტი ადამიანი. რამდენიმემ თვალი დაკარგა. აქციის დაშლას წინ უძღოდა დემონსტრანტების ერთი ნაწილის მიერ პარლამენტში შეჭრის მცდელობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG