Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარიას თქმით, მტერთან ცივი გონებით საუბარი საშუალებაა დღევანდელი ინსტრუმენტების გამოყენების


პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ოკუპაციასა და რუსეთთან დიალოგის საკითხზე საუბრობს.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ ოკუპაციის პრობლემის მოსაგვარებლად ომის გარდა უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი. ჩვენ უნდა ვიყოთ უაღრესად ცივი გონებით, ჭკვიანური, გამჭრიახი პოლიტიკით და უნდა მივმართოთ ყველა ზომას, პირველ რიგში თითოეული დევნილის ინტერესებიდან გამომდინარე და აქ ჩვენ არ უნდა გვქონდეს არანაირი შეზღუდვა. მტერთან ცივი გონებით, ჭკვიანური საუბარი ეს არის ერთადერთი საშუალება იმის, რომ გამოვიყენოთ ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც დღესაც გვაქვს“, - აცხადებს გახარია. თუმცა მისი შეფასებით, ის ინსტრუმენტები, რომლებიც დღეს მოქმედებს - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და „აბაშიძე-კარასინის“ ფორმატი არ არის ამოწურული.

„უნდა ამოვწუროთ ამ ფორმატების მაქსიმალური შესაძლებლობა და მხოლოდ ამის შემდგომ ვიფიქროთ სხვა ახალ ფორმატებზე“, - თქვა გიორგი გახარიამ.

7 სექტემბერს პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციასთან შეხვედრაზე გიორგი გახარიას ადა მარშანიამ მოსკოვთან პირდაპირი დიალოგისკენ მოუწოდა.

გიორგი გახარია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით დაგეგმილი ნაბიჯების შესახებაც საუბრობს.

„ერთმინიშვნელოვნად ვეცდებით, რომ მოვახერხოთ სადამკვირვებლო მისიის მათი სრული მანდატის გავრცელება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს არის ძირითადი ამოცანა და ერთადერთი დღეის მდგომარეობით ყველაზემნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რითიც ჩვენ შეგვიძლია, ელემენტარული საბაზისო ადამიანის უფლებები შევქმნათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც ჩვენს მოქალაქეებს საკუთარ ენაზე განათლებბის მიღების საშუალებაც არ აქვთ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ოკუპაციასთან ბრძოლას სჭირდება რეალური საქმე. ამ საქმეს ჩვენ გარდა არავინ გააკეთებს“, - ამბობს გახარია.

პრემიერობის კანდიდატი, პოლიტიკური ოპონენტების ქმედებებს აფასებს და მიუთითებს, რომ პოპულისტურ გამოხდომებს ხშირ შემთხვევაში ზიანის მეტი არაფერი მოაქვს თითოეული მოქალაქისთვის, რომელიც დევნილია, საოკუპაციო ხაზთან, ან თუნდაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს.

„ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლების, რომელ ფრთას წარმოადგენენ, თითოეული ჩვენი სიტყვა, განცხადება, ქმედება შეიძლება, აისახოს ყოველდღიურ ცხოვრებაზე იმ ადამიანები, რომლებიც საოკუპაციო ხაზის მიღმა, გასწვრივ ცხოვრობენ. პროვოკაციული, პოპულისტური, უპასუხისმგებლო ქმედებები ეს არის, რაც ჩვენ უნდა დავასრულოთ, თუ ამოვდივართ ქვეყნის და ამ ადამიანების ინტერესებიდან“, - მიიჩნევს გიორგი გახარია.

საქართელოს პარლამენტი გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას კენჭს 8 სექტემბერს უყრის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG