საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში შეხვდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანაშემწეს რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, ლორა კუპერს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების და საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების საკითხები და წვლილი, რომელიც საქართველოს აშშ-თან ერთად შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებაში.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ლორა კუპერმა ისაუბრეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულების განახლებაზეც. განახლებულ დოკუმენტს ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება აშშ-ში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტისას.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ლორა კუპერს მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და მრავლისმომცველი გახდება.
„სამომავლო თანამშრომლობის შესანიშნავი დღის წესრიგი და ბევრი შესაძლებლობა გვაქვს, რომ გავაღრმავოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გატარებულ წარმატებულ რეფორმებს ეფუძნება და ზრდის შესაძლებლობებს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში. მოუთმენლად ველი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის გაგრძელებას“ - განაცხადა ლორა კუპერმა.