Accessibility links

მამუკა ხაზარაძის მიერ დაარსებულ საზოგადოებრივ მოძრაობას "ლელო" ეწოდა


„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიერ დაარსებული საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდება „ლელოა.“

ახალი მოძრაობის პრეზენტაცია დღეს ანაკლიაში გაიმართა.

მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, უახლოეს ხანში მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება და ლიდერების პარტია იქნება.

„ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ან რომელიმე სახელის პარტია. ეს იქნება ჰორიზონტალური სტრუქტურა, მწყობრად აწყობილი, კონკრეტული მიზნით, შედეგზე ორიენტირებული“, - თქვა ხაზარაძემ.

მისი განცხადებით, ესმის, რომ პოლიტიკაში კონკრეტული თარიღები და მიზნები არ უნდა დასახო, რადგან ადამიანები ძალუფლებისთვის მოდიან: "ჩვენ პირიქით გავაკეთებთ, კონკრეტულ თარიღებს დავასახელებთ და კონკრეტულ მიზნებს დავასახელებთ იმისათვის, რომ ეს ქვეყანა ძალიან სწრაფად ან გამოვა მდგომარეობიდან, ან ჩვენ ვიქნებით ამ ჭაობში. ეს არის მენტალური ჭაობი."

მამუკა ხაზარაძის თქმით, მოძებნიან 12 ლიდერს ყველა სფეროში და ეს პროცესი დაწყებულია: "12 რეფორმატორს მედიცინაში, 12 რეფორმატორს განათლებაში. მრგვალი მაგიდების გარშემო 12 კაცს, ლიდერს სოფელში, 12 ლიდერ ქალს და მამაკაცს რაიონში. იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ვიღაც მესიის და ერთი კაცის გადასარჩენი კი არ არის, ეს არის თითოეული ჩვენთაგანის გადასარჩენი."

„112 წლის წინ, თორმეტ რიცხვში ილია ჭავჭავაძე მოკლეს. ეს დამთხვევაა დამერწმუნეთ, დღესაც თორმეტი რიცხვია. ჩვენ ამის გამო არ შეგვირჩევია ეს დღე, მაგრამ დღეს დილას ეს დამთხვევა კიდევ ერთ რამეს მიანიშნებს. ილია ჭავჭავაძეც თორმეტ ადამიანს ეძებდა, ინჟინერს, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. მე მინდა, რომ ეს ძებნა დავიწყოთ ყველამ, გვერდზე მოვიხედოთ და ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც ჩვენ გარშემო არიან, შევკრიბოთ ქვეყნის სამსახურისთვის“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ახალი მოძრაობის დამფუძნებლებს პროკურატურა "ფულის გათეთრებას" ედავება. მამუკა ხაზარაძეს თი-ბი-სი ბანკის მეორე დამფუძნებელთან, ბადრი ჯაფარიძესთან ერთად პროკურატურამ ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარუდგინა.

პროკურატურის გადაწყვეტილების თანახმად, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

2019 წლის 20 აგვისტოს, პროკურატურის მოთხოვნითა და სასამართლოს განჩინებით, დააყადაღეს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში.

ანგარიშების დაყადაღების ფაქტს პროკურატურა უწოდებს „მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშებზე, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ეკვივალენტების დაყადაღებას“.

26 აგვისტოს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გადაიხადეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა, 700 000-700 000 ლარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG