Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესის კომიტეტს ავღანეთში ტრამპის საგანგებო წარმომადგენლის მოსმენა სურს


აშშ-ის კონგრესის კომიტეტმა 12 სექტემბერს მოსმენაზე მიიწვია პრეზიდენტ ტრამპის საგანგებო წარგზავნილი ავღანეთში, ზალმაი ხალილზადი. თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკება, რომელსაც აშშ-ის მხრიდან ხალილზადი წარმართავდა, პრეზიდენტის მოულოდნელი გადაწყვეტილებით ერთი კვირის წინ შეწყდა.


წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, კონგრესმენ ელიოტ ენჯელის (დემოკრატი ნიუ-იორკიდან) თანახმად, მას „მობეზრდა“ ტრამპის ადმინისტრაციის საქციელი, როცა ის ხალილზადს არ აძლევდა შესაძლებლობას, კანონმდებლებისთვის მოლაპარაკების თაობაზე მიეწოდებინა ინფორმაცია და სამშვიდობო პროცესის შესახებ აშშ-ის საზოგადოებას სიბნელეში ამყოფებდა.

სახელმწიფო დეპარტამენტს მიწვევის თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებია. იტყობინება როიტერსის სააგენტო. „ელჩი ხალილზადი ვაშინგტონშია და ვფიქრობ, გასცემს პასუხს შეკითხვებზე იმის შესახებ, თუ რა სტადიაში იმყოფება ახლა“, განაცხადა 12 სექტემბერს მორგან ოსტაგუსმა, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ღია მოსმენა დაგეგმილია 19 სექტემბრისთვის. 9 სექტემბერს ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკება შეწყვიტა და გააუქმა კემპ დევიდში დაგეგმილი საიდუმლო მოლაპარაკება თალიბებთან. ტრამპის ნაბიჯმა კონგრესის ზოგიერთ წევრის უკმაყოფილება გამოიწვია, რამაც გააღრმავა მათი უკმაყოფილება იმით, რომ თებერვალში, აპრილსა და სექტემბრის დასაწყისში მათი თხოვნა, ბრიფინგი გაემართათ ხალილზადთან, მუდამ უარყოფილი იქნა.

XS
SM
MD
LG