Accessibility links

ვოლსკი: მხარს არ დავუჭერთ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას თანამოქალაქეების დასჯის შესახებ


გია ვოლსკი

"ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის შეფასებით, „ევროპული საქართველოს“ მიერ პარლამენტში წარდგენილი ინიციატივა, საერთაშორისო დონეზე ოკუპაციის თემის გააქტიურების შესახებ, ფორმით რუსეთისათვის პრობლემების შექმნას გულისხმობს, რეალურად კი რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის მძიმე ეკონომიკური სანქციების გარანტირებულად დაწესებისთვის არის გამიზნული. გია ვოლსკის აზრით, დადგენილების ამოქმედება დააზარალებს ღვინის, ხილისა და ციტრუსის მწარმოებლებს. გია ვოლსკი აცხადებს, რომ ამ ინიციატივას საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს:

„7 წელია ქართული ოცნება წინა ხელისუფლების მავნე პოლიტიკით გამოწვეული კატასტროფული შედეგების ლიკვიდაციითაა დაკავებული. ერთ დროს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა განშტოების მხრიდან, იგულისხმება "ევროპული საქართველოც", დღემდე არ წყდება ქვეყნისა და ხალხისათვის ზიანის მომტანი უკიდურესად სარისკო აქტივობების ინიცირება.მათი მიზანია გადაფარონ დანაშაულებრივი შეცდომები, ხოლო ოკუპაციის ფასი გადაიხადოს არა რუსეთმა, არამედ ქართველმა ხალხმა, გადაიხადოს საქართველომ.

ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათ არაერთხელ უკვე მოახერხეს და დაატეხეს ჯერ ეკონომიკური სანქციები, შემდეგ კი რუსეთის ჯარს შემოუძღვნენ საქართველოში. სხვა ახსნა არ შეიძლება ჰქონდეს ინიციატივას, რომელიც ფორმით თითქოს რუსეთისათვის პრობლემების შექმნას გულისხმობს და რეალურად რუსეთის მხრიდან საქართველოსათვის მძიმე ეკონომიური სანქციების გარანტირებულად დაწესებისთვის არის გამიზნული. შეუძლებელია ეს არ ესმოდეთ ინიციატივის ავტორებს. რადგან ესმით, ესე იგი სწორედაც ამ შედეგების გამოწვევა სურთ“, - აღნიშნა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გია ვოლსკიმ. მისი თქმით, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას არ სჭირდება კარნახი, როგორ და რა გზით უზრუნველყოს ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა.​

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე განიხილავს ოპოზიციური პარტიის, „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტს, "საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე“.

პარლამენტის წევრების, სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული პროექტის დამტკიცების შედეგად, საქართველოს მთავრობას დაევალება მიიღოს ყველა ზომა და ჩაატაროს აუცილებელი დიპლომატიური და პოლიტიკური სამუშაო, რითიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულება შევა ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების მოთხოვნებში.

დადგენილების პროექტი ითვალისწინებს ევროკავშირის და აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული პერსონალური სანქციების პაკეტებში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შეტანასაც და ევროკავშირის და აშშ-ის მიერ სანქციების შემოღებას ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარმართავენ ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG