Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არა ფობიას!" მამუკა ხაზარაძეს და გია ვოლსკის აკრიტიკებს


პლატფორმაში "არა ფობიას!” შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები ადამიანის უფლებების უგულებელყოფად აფასებენ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე.

„არა ფობიას!“ ეხმაურება მამუკა ხაზარაძის მიერ აჭარის ტელევიზიისთვის 16 სექტემბერს მიცემულ ინტერვიუში მეჩეთის მშენებლობის საკითხის განხილვას თურქეთში ქართული ტაძრების მდგომარეობის კონტექსტში: „თქვენ იცით, რომ საქართველო მსოფლიოში გამორჩეულია ტოლერანტობით და აქ არასდროს, არცერთ რელიგიას არ ჰქონია ისტორიულად შეზღუდვა, ეს არის ჩვენი მონაპოვარი და ეს არის ის, რომელიც არ უნდა დავკარგოთ. როცა ლაპარაკია მეჩეთის მშენებლობაზე, მე არ ვიცი დეტალები, არც სასამართლო დავის დეტალები, გავეცნობი აუცილებლად, რომ საქმის კურსში ვიყო, მაგრამ ჩვენი ისტორიული ეკლესიები, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზეა, თქვენ გინახავთ რა მდგომარეობაშია?”

„არა ფობიას!“ შეფასებით, ეს განცხადება „პოპულისტური შინაარსისაა, უგულებელყოფს საქართველოს მუსლიმი მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებას, ისარგებლონ რელიგიის თავისუფლებით და ეწინააღმდეგება ლიბერალური დემოკრატიისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს. დაუშვებელია, საქართველოში მეჩეთის მშენებლობის საკითხი და საქართველოს მოქალაქეების რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის უფლება განხილული იყოს სხვა სახელმწიფოსთან პარალელის გავლებით, "ნაცვალგების” კონტექსტში“.

„არა ფობია!“ ასევე, აღნიშნავს, რომ 17 სექტემბერს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტთან ინტერვიუში ბათუმში მეჩეთის მშნებლობის საჭიროებას უწოდა "ხელოვნური პრობლემა” და აღნიშნა, რომ ეს საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგად უნდა გადაწყდეს: "რატომ არ აძლევთ [ნებას], არის არასწორი კითხვა. ქართულ მუსლიმ თემს აქვს საგანგებო დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე, ყველანაირად. მეორე საკითხი არის ის თემა, რასაც ჰქვია საზოგადოების კონსენსუსის აუცილებლობა. ვინაიდან მეჩეთებთან დაკავშირებით, ქართველ-მუსლიმ თემთა უფლებებთან დაკავშირებით შეკითხვები არ არსებობს, აქედან გამომდინარე, არიან ადამიანები, საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც მიიჩნევს, რომ პრობლემაა თვითონ ხელოვნური და მან შეიძლება დაძაბულობა გამოიწვიოს. ამის მხარდამჭერები მუსლიმ თემში არიან, რომ საზოგადოებრივი წესრიგი არის მნიშვნელოვანი. ამ თემის წამოწევა, გაღვივება, გამწვავება არის ის, რასაც ჩვენი ოპონენტები ყოველთვის შეეცდებიან“.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ მეჩეთთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვის დასმის შემდეგ, გია ვოლსკი ჟურნალისტს აკრედიტაციის შეჩერებითაც დაემუქრა.

„არა ფობიას!“ აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქე მუსლიმებს წლების განმავლობაში არ ეძლევათ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის, ლოცვისა და, შესაბამისად, რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის უფლება.

პლატფორმაში შემავალი ორგანიზაციები ხელისუფლების წარმომადგენლებსა და საჯარო პირებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ქსენოფობიური და დისკრიმინაციული შინაარსის განცხადებებისგან და იხელმძღვანელონ კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიის თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებით.

XS
SM
MD
LG