Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სირცხვილიას" აქციაზე 20 სექტემბერს ერთწლიან სამოქმედო გეგმას წარმოადგენენ


„ერთად ერთის წინააღმდეგ“- ამ სლოგანით გაიმართება 20 სექტემბერს „სირცხვილიას“ საპროტესტო აქცია თბილისში პარლამენტის შენობის წინ. აქცია 20 ივნისს ე.წ. გავრილოვის ღამიდან 3 თვის თავზე გაიმართება და მას, ორგანიზატორთა განმარტებით, მასშტაბური სახე ექნება.აქციაზე „სირცხვილიას“ საქმიანობის ერთწლიან სამოქმედო გეგმას წარმოადგენენ:

„ჩვენ წარვადგენთ ერთწლიან გეგმას, რომელიც მოიცავს შესაძლებლობას, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ კოორდინაცია გაუწიოს პროდასავლურ პოლიტიკურ კლასს. გეგმა მოიცავს, როგორც საინფორმაციო ნაწილს, ანუ ცნობიერების ამაღლების ნაწილს, ასევე ძველ, კარგ აქტივისტულ ნაწილს, რომლის დეტალურ გეგმასაც ხვალ გაგაცნობთ“, - განაცხადა სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა. მისი განმარტებით, ხელისუფლება „ვერ გამოძვრება“ მხოლოდ პროპორციული არჩევნების დათმობის გზით და ბრძოლა გაგრძელდება იმისთვის, რომ 2020 წელს ქართულმა საზოგადოებამ პროდასავლური არჩევანი გააკეთოს და „მოიშოროს პრორუსული ხელისუფლება“.

„ამ ბრძოლას სხვა სამიზნე აღარ ჰყავს. ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ ვაჩვენებთ ბიძინა ივანიშვილს წითელ ბარათს, მანამდე ყვითელი ბარათი ვაჩვენეთ. თუმცა იმასაც უზრუნველვყოფთ, რომ არეულობა არ იყოს. იმიტომ, რომ არეულობა ეხლა მარტო ხელისუფლებას აწყობს“, - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

აქცია პარლამენტის წინ 20 სექტემბერს 19 საათზე დაიწყება.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც 20 ივნისს, თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის კომუნისტმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, ასამბლეის სხდომა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის კუთვნილი ადგილიდან გახსნა.

20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გამართული ხალხმრავალი საპროტესტო აქცია სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. ხელისუფლება აცხადებს, რომ აქციის დაშლა გარდაუვალი აუცილებლობა იყო, მომიტინგეთა ნაწილის მხრიდან პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის გამო.

რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, დაშავდა 240-მდე ადამიანი, მაშ შორის - 80 პოლიციელი. ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG