Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენცოვი: ვებრძვი პუტინის რეჟიმს და არა რუსეთს


უკრაინელი კინორეჟისორი, ოლეგ სენცოვი, რომელმაც ხუთ წელიწადზე მეტი დრო დაჰყო რუსეთის ციხეებში, რუსეთის მმართველებს ადანაშაულებს უკრაინის "დამონების" სურვილის ქონაში და უკრაინელებს მოუწოდებს ძალისხმევის გამოჩენისკენ, ქვეყნის აღმოსავლეთში მიმდინარე ომის დასასრულებლად.

უკრაინაში დაბრუნებიდან 16 დღის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში სენცოვმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისთვის ბრძოლა არ მიმდინარეობს რუსეთის, ან რუსი ხალხის წინააღმდეგ - არამედ ის პუტინის რეჟიმს ებრძვის.

"[როცა ვამბობ] ბრძოლას, როგორც ეს ვთქვი, ეს, ზოგადად, ნიშნავს მუშაობას და ბრძოლას პუტინის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. რეჟიმისთვის, რომელსაც უწინარესად უკრაინის დამონება სურს" - თქვა სენცოვმა 23 სექტემბრის ინტერვიუში.

"ეს ნიშნავს ომის დასრულებას დონბასში, ჩვენი პატიმრების დაბრუნებას, ყირიმის დაბრუნებას. ამ ყველაფრისთვის ყოველი უკრაინელი ვალდებულია იბრძოლოს. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაც ვალდებულია სადმე წავიდეს და რამე ააფეთქოს. ეს ასე არ არის" - დასძინა მან.

სენცოვი, რომელიც ყირიმიდანაა, ხმამაღალ წინააღმდეგობას უწევდა ამ რეგიონის რუსეთის მიერ ანექსირებას 2014 წლის მარტში. სენცოვი ყირიმში დააპატიმრეს, 2014 წლის 11 მაისს, იმავე წლის აგვისტოში რუსეთის სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო ტერორიზმში და 20 წლით მიუსაჯა პატიმრობა.

ადამიანის უფლებების დამცველები და დასავლეთის ქვეყნების მთავრობები რუსეთს სენცოვის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ და აცხადებდნენ, რომ მისი დაპატიმრება და სასამართლო პროცესი პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

სენცოვი 7 სექტემბერს გაათავისუფლეს, რაც იყო ნაწილი უკრაინასა და რუსეთს შორის ათობით პატიმრის გაცვლის ოპერაციისა. ამ ნაბიჯს განიხილავდნენ მნიშვნელოვან გარღვევად ორი მხარისთვის კონფლიქტში, რომელშიც ერთმანეთს უკრაინის აღმოსავლეთში უპირისპირდებიან უკრაინის სამთავრობო ძალები და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები. ბრძოლას 2014 წლის აპრილის შემდეგ ემსხვერპლა 13,000-ზე მეტი ადამიანი, ერთ მილიონზე მეტი პირი დევნილად იქცა.

"მე რუსეთს არ ვებრძვი, მე ვებრძვი პუტინის რეჟიმს. ეს არ არის ერთი და იგივე. ეს ორი რამ ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს" - უთხრა სენცოვმა რადიო თავისუფლებას.

"აუცილებელია გაიგოთ, რომ პრობლემა არ მდგომარეობს პატიმრებში. პრობლემა ამ პატიმრების არსებობაა - ისინი იმიტომ გაჩნდნენ, რომ ჩვენ თავს დაგვესხენენ. სხვა სიტყვებით, არსებობს პატიმართა კონკრეტული საკითხი და კიდევ არსებობს ჩვენს წინააღმდეგ აგრესიის უფრო ფართო საკითხი. ამ აგრესიის გარეშე არანაირი პატიმრები არ იქნებოდნენ" - ამბობს სენცოვი.

უცნობია ზუსტი რიცხვი, რამდენი უკრაინელი იმყოფება რუსეთის ციხეებში, თუმცა აქტივისტები და ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათი რაოდენობა რამდენიმე ათეულია.

სენცოვის პირველი მხატვრული ფილმი, "მოთამაშე", 2012 წელს როტერდამის ფესტივალზე აჩვენეს. 2013-2014 წლებში, როცა უკრაინა მასობრივმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა, ის თავის მეორე ფილზე მუშაობდა, სახელწოდებით "მარტორქა".

XS
SM
MD
LG