სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებმა დაიწყეს ფულის შეგროვება 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქურის ოჯახის დასახმარებლად. მედიასთან მისმა მეუღლემ აღნიშნა, რომ ლევან ჯიქური ოჯახის ერთადერთი მარჩენალია და აქვს ასევე ჯანმრთელობის პრობლემები - ერძოდ, მომატებული აქვს შაქრის დონე სისხლში და პარალიზებული კიდურები.
23 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე მკვეთრად გაუარესებული ჯანმრთელობის გამო ლევან ჯიქურის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა მისი ადვოკატი. 5 000 ლარიან გირაოსთან ერთად ჯიქური მზად იყო პროკურატურისთვის გადაეცა პირადობის მოწმობა და საზღვარგარეთის პასპორტი იმის ნიშნად, რომ არ აპირებდა გაქცევას და მიმალვით სასამართლოსთვის თავის არიდებას. მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა არგუმენტით, რომ საქმეში ახალი გარემოებები, რაც გათავისუფლების არგუმენტად გამოდგებოდა, არ იკვეთებოდა.
"რაც ციხეში ვარ, მარტო საძილე წამლები და ომეპრაზოლი მაქვს მიღებული,” - თქვა ჯიქურმა სასამართლო პროცესზე.
"დღეს ჩემი შვილი მშიერია" - აღნიშნა დარბაზში მყოფმა მისი ცოლმას, რომელსაც მოსამართლემ სხდომის დროს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცა.
მოძრაობა „სირცხვილია“-ს წევრებმა ლევან ჯიქურის ოჯახის დასახმარებლად გახსნილი საბანკო ანგარიში ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნეს.