Accessibility links

რაზმაძეებისთვის განკუთვნილი „ლელოს“ საჩუქარი გუგუტიანთკარში ჩაიტანეს


მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენლებმა რაზმაძეების ოჯახისთვის კოტეჯის ასაშენებელი მასალა გუგუტიანთკარში ჩაიტანეს. როგორც მოძრაობის წევრი თეონა დოლენჯაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, კოტეჯის მასალას ადგილზე დაასაწყობებენ, რომელიმე ადგილობრივის ეზოში და სიტუაციას გარკვევის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

„ეს კოტეჯი განკუთვნილი იყო გივი რაზმაძის ოჯახისთვის, ამიტომ ჯერ აქ დავაბინავებთ მასალას, თუ საჭირო იქნება საფასურის გადახდა მისი მოვლისთვის, ამასაც გადავიხდით“, - ამბობს თეონა დოლენჯაშვილი.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან ხის კოტეჯის კონსტრუქცია მიიტანეს, რომლის ჩუქებასაც გუგუტიანთკარიდან დევნილი რაზმაძეების ოჯახისთვის აპირებენ. თუმცა, ადგილზე გაირკვა, რომ გუგუტიანთკარელი რაზმაძეები საჩუქრის მისაღებად მზად არ არიან.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ საჩუქრის მიღებაზე რაზმაძეების ოჯახი უარს არ ამბობს, მაგრამ ერთ პირობას აყენებს - კოტეჯის ასაწყობი მასალა გორში, კუთვნილ სახლთან მიუტანონ. ან იქვე დადგამენ, ან გუგუტიანთკარში ააშენებენ მას შემდეგ, რაც საჭირო მიწის ნაკვეთს მოძებნიან. გივი რაზმაძის ვაჟმა, ლევან რაზმაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მადლობელია, მაგრამ გუგუტიანთკარში, საიდანაც ხალხი გამორბის, სახლის დადგმა გაუჭირდება.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენელმა თეონა დოლენჯაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ კოტეჯს გორში არ დადგამენ, მისი დადგმა თავიდანვე გუგუტიანთკარში იყო დაგეგმილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG