Accessibility links

site logo site logo

ლექვინაძე: პორტის განვითარება თანაბრად მნიშვნელოვანია ფოთში, ბათუმში, ყულევში, ანაკლიაში


ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე აფასებს ფოთში ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებას.

„მე ვფიქრობ, რომ ფოთში, „პეის ტერმინალსის“ ტერიტორიაზე ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყება წინ გადადგმული ნაბიჯია“, - ირაკლი ლექვინაძის განცხადებას პრესსამსახური ავრცელებს.

ბიზნესომბუდსმენის აპარატის ცნობით, აშშ-ის მთავრობის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC-ის დაფინანსებით ფოთში „პეის ტერმინალსის“ ტერიტორიაზე ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო. მათი ინფორმაციით, ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის პროექტს რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია - „პეის ჯგუფი“ განახორციელებს.

„ოპიკი ამერიკული კერძო კომპანიების ფონდია და პროექტს ის დააფინანსებს. ესეც არის, ასევე, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, რომ რეგიონში ჩვენ ასეთი საფინანსო ინსტიტუტების ყურადღების ცენტრში ვხვდებით. შავი ზღვის არეალში, საქართველოს ტერიტორიაზე, რაც უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი იქნება სატრანსპორტო ჰაბის პოტენციალის ათვისების მიმართულებით, ეს გააძლიერებს საქართველოს პოზიციებს. ტვირთების დინამიკა აჩვენებს, რომ საქართველომ გრძელვადიან პერიოდში ტვირთნაკადების ზრდისთვის უნდა მოამზადოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ამიტომ რაც უფრო მეტად დასპეციალიზდება სხვადასხვა ტვირთნაკადების მომსახურების მიმართულებით და საქართველო გააძლიერებს ამ კუთხით თავის პოზიციონირებას რეგიონში, ეს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალის რეალიზებას“, - ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

შეკითხვაზე, ფოთში დღეს დაწყებულ საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ნეგატიური გავლენა ექნება თუ არა ანაკლიის პორტის პროექტზე, ბიზნესომბუდსმენი პასუხობს, რომ ორი პროექტის ერთმანეთის პირდაპირ კონკურენტად განხილვა არ შეიძლება.

„ანაკლიის პორტს აქვს თავისი მიმართულება და მე არანაირად არ დავუკავშირებ ამ ორი პორტის მშენებლობას, როგორც ერთმანეთისთვის კონკურენციის შემქმნელი პროექტების მიმართულებას. ანაკლიას ჰყავს თავისი დაინტერესებული ინვესტორები. საქართველოს ხელისუფლებას ანაკლიის პროექტის მიმართ სრული მხარდაჭერა აქვს გაცხადებული. მთავრობის მხრიდან ერთი პორტის პროექტის მხარდაჭერა არ ნიშნავს სხვა პორტების მიმართულებით, რაიმე ქმედების არგანხორციელებას. ყველა საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ფოთში, ბათუმში ყულევში, ანაკლიაში, თანაბრად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ბიზნესომბუდსმენის პრესსამსახურის მონაცემებით, ფოთში ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტი აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციამ (OPIC) 50 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით დააფინანსა.

„თავისი სიდიდიდან და პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ეს არის OPIC-ის მიერ, საქართველოსა და მთელს კავკასიის რეგიონში საინვესტიციო პროექტებზე განხორციელებული ყველაზე დიდი დაფინანსება. აღსანიშნავია, რომ ახალი პროექტი 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. ახალი საპორტო ინფრასტრუქტურა განთავსდება 25 ჰა მიწის ფართობზე, მშენებლობის ფარგლებში აკვატორიის დაღრმავების შედეგად შესაძლებელი იქნება 60 ათას ტონამდე წყალწყვის გემების მიღება. აღნიშნული ტვირთბრუნვის 5 მილიონ ტონამდე გაზრდის შესაძლებლობას მისცემს. პროექტის ღირებულებაა 120 მლნ აშშ დოლარი. მისი პირველი ფაზის ღირებულება 93 მლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც 50 მლნ აშშ დოლარი OPIC-ის ინვესტიციაა“, - ნათქვამია ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციაში.

რაც შეეხება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ აქვს ხელშეკრულებით დადგენილი ვადები. უახლოესი ვადა არის 15 ოქტომბერი, როდესაც კონსორციუმმა უნდა წარმოადგინოს წინასწარი შეთანხმებები: პრაქტიკულად საბოლოო შეთანხმება ბანკებსა და კონსორციუმს შორის, როდესაც დასჭირდება მხოლოდ ამ ბანკების სამეთვალყურეო საბჭოების თანხმობა. მინისტრის თქმით, 15 ოქტომბერს მათ უნდა წარმოადგინონ როგორც ბანკებთან უკვე შეთანხმებები თანხების გამოყოფის თაობაზე, ასევე საკუთარი კაპიტალი შევსების ნაწილზე.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ 15 სექტემბერს განაცხადა, რომ თუ გადაწყვეტილება უახლოესი ორი თვის განმავლობაში არ იქნება მიღებული, პორტი არ აშენდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG