Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: ნატოსთან მტკიცე ურთიერთობა საქართველოს უსაფრთხოების საფუძველია


გიორგი გახარია მისასალმებელი სიტყვით გამოდის ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, ბათუმში
გიორგი გახარია მისასალმებელი სიტყვით გამოდის ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, ბათუმში

„ნატოსთან მტკიცე ურთიერთობა არის საფუძველი საქართველოს საგარეო პოლიტიკის და მისი უსაფრთხოების“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, მისასალმებელი გამოსვლის დროს. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა იმართება ბათუმში, ალიანსის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში.

გიორგი გახარიას თქმით, შავი ზღვის სივრცეში რუსეთის გაძლიერების შემდეგ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნატოს წარმომადგენლობა შავ ზღვაში და საქართველოსა და ალიანსს შორის თანამშრომოლობის ახალი კომპონენტი სწორედ შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიას უკავშირდება.

„ეს ვიზიტი, რომელიც ხორციელდება ბათუმში, არის სიმბოლური, რამეთუ ახლა ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობაში გაჩნდა ახალი სივრცე, რომელიც ეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას. ჩვენ ყველას გვესმის, რომ უსაფრთხო შავი ზღვა არის უსაფრთხო ევროატლანტიკური სივრცის გარანტია. მას შემდეგ, რაც ყირიმის ანექსიის შემდეგ მოხდა რუსეთის გაძლიერება შავი ზღვის სივრცეში, რა თქმა უნდა, ნატოს წარმომადგენლობა შავ ზღვაში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს მოქალაქეებს ამოძრავებთ ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დაპირება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.

„ეს დაპირება ამოძრავებს თითოეულ ქართველ მოქალაქეს და ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ (ნატოში) საქართველოს წევრობას დღეს მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების 71%-ზე მეტი, რაც დიდ სიმტკიცეს მატებს ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. წელს ნატო აღნიშნავს 70-ე წლისთავს და ეს კიდევ ერთხელ უნდა იყოს დადასტურებული ამ წლისთავის ფარგლებში - ნატოს ღია კარის პოლიტიკა. ღია კარის პოლიტიკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა წლების განმავლობაში, რომ თავად არის უსაფრთხოების გარანტი ბევრ რეგიონში და შესძენს იმედს მცირე ერებს, როგორიც არის საქართველო“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა იმედისმომცემ მაგალითად დაასახელა ჩრდილოეთ მაკედონია, რომელიც მალე გახდება ნატოს წევრი. გახარია იმედოვნებს, რომ საქართველოს მონდომება და მიღწევებიც სათანადოდ დაფასდება.

„დღეს ჩვენ აქ სტუმრად გვყავს ჩრდილოეთ მაკედონიის წარმომადგენელი, რომელმაც კარგი, შორი, მძიმე გზა გაიარა და სულ მალე გახდება ნატოს 30-ე წევრი და ეს არის კიდევ ერთი იმედი საქართველოსთვის, რომ მის მიღწევებს, როგორც დემოკრატიზაციის, ასევე სამხედრო თანამშრომლობის და ასევე მისი თავსებადობის ხარისხის შესაბამისი პოლიტიკური დაფასება და შეფასება მოხდება პროგნოზირებად მომავალში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა დახურულ ფორმატში გაგრძელდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომა მიმდინარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის, როუზ გოტმიოლერის თავმჯდომარეობით.

საქართველოს პრემიერის შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან
საქართველოს პრემიერის შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე გიორგი გახარია ნატოს ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს (NAC) დელეგაციის ხელმძღვანელს, ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტმიოლერს შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, გოტმიოლერმა აღნიშნა, რომ „ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს“ და „პოზიტიურად შეფასდა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და მართლმსაჯულების კუთხით გადადგმული ნაბიჯები“.

„ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესზე, ასევე - რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე... მხარეებმა ასევე განიხილეს შემდგომი ნაბიჯები, როგორ უმდა გაძლიერდეს პრაქტიკული თანამშრომლობა და პარტნიორობა შავი ზღვის რეგიონში“, - აცხადებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

ნატოს ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს (NAC) დელეგაცია საქართველოში 3 ოქტომბერს ჩამოვიდა. დელეგაციაში შედიან ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები. დელეგაციას ხელმძღვანელობს ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი. NAC-ის დელეგაციას ბათუმის აეროპორტში დახვდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომისა და პრემიერთან შეხვედრის გარდა, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პარლამენტის წევრებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. ჩრდილოატლანტიკური საბჭო ბათუმის პორტში დაათვალიერებს საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდებს დ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ჩაატარებს ლექციას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ჩრდილოატლანტიკური საბჭო უკვე მეხუთედ სტუმრობს საქართველოს. ის წარმოადგენს ნატოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოს, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი თავმჯდომარეობს. საბჭოს სხდომებზე იკრიბებიან ნატოს წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები და განიხილავენ პოლიტიკურ და მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

XS
SM
MD
LG