Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურამ ჩალაგაშვილს 700-ლარიანი გირაო შეეფარდა


„გამარჯვებული საქართველოს“ წევრი გურამ ჩალაგაშვილი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვალერიან ფილიშვილმა გამოაცხადა.

მისივე გადაწყვეტილებით, გურამ ჩალაგაშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის 700 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

„30-პროცენტიანი ფასდაკლება ისწავლა ჩვენმა ხელისუფლებამ. ხაზარაძეს მოსთხოვეს მილიონი და დაუკლეს - 700 000 გადაახდევინეს. მე მომთხოვეს 1 000 - დამიკლეს და 700 ლარის გადახდა მომთხოვეს. ამ თანხას ვინ გადაიხდის, გაცნობებთ მომავალ კვირაში. ის, რომ სამართალი არაა ამ ქვეყანაში, ამაზე ორი აზრი არაა“, - განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე იმსჯელა. სხდომაზევე გამოიკვლიეს საპატრულო პოლიციის სამხრე კამერების ჩანაწერები. სხვა მტკიცებულებები მათ ვერ წარმოადგინეს.

გურამ ჩალაგაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, (საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის) ბრალდებით 1 ოქტომბერს დააკავეს, მაშინ ის 12-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ გაათავისუფლეს. ამის მიზეზი გახდა ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლო პროცესზე არასრული მტკიცებულებები წარადგინა. ჩალაგაშვილს წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG