Accessibility links

"რომ მოვკვდები რაღად მინდა მაგათი ბინაო" - აფხაზეთიდან დევნილები განსახლების მოლოდინში


25 დღეა, რაც აფხაზეთიდან დევნილი რამდენიმე ათეული ოჯახი დევნილთა სამინისტროს შესასვლელში იკრიბება. იქ მათ კარავიც გაშალეს. ისინი მოითხოვენ, რომ სახელმწიფომ დროულად დააკმაყოფილოს აფხაზეთიდან დევნილი "ძირი ოჯახები" ბინებით. ერთ-ერთმა დევნილმა - რომელმაც ბინა ახალი სიითაც ვერ მიიღო - თვითდაზიანებაც სცადა.

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი 283 271 ადამიანი, 90 ათასზე მეტი ოჯახია რეგისტრირებული. მათგან გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილია მხოლოდ 40 ათასამდე ოჯახი, ხოლო 50 ათასზე მეტი ოჯახი ბინის მოლოდინშია.

დევნილთა სამინისტროსთან დევნილების მიერ გაშლილი კარავი
დევნილთა სამინისტროსთან დევნილების მიერ გაშლილი კარავი

ლეილა კანდელაკი, 62 წლის - დევნილი ბიჭვინთიდან

მე და ჩემი მეუღლე სადაც ვცხოვრობთ არის 6 კვადრატი. 160 ლარს ვიხდი ქირაში. ისეთი ადგილია, რომ არ შეიძლება იქ ცხოვრება. პირველი სართულია, მიშენებული. სულ სველია კედლები.

ერთი ოთახით ვერ დაგვაკმაყოფილეს ამდენი ხანია. მე არ ვმუშაობ, პენსიონერი ვარ. ჩემი მეუღლე ახლა დიაბეტიანია, ავადმყოფი. რომ მოვკვდები რაღად მინდა მაგათი ბინაო და არც დადის აქციებზე.

ორი ქალიშვილი მყავს. ერთი ახლა ჩამოვიდა რუსეთიდან და ჩვენთან ცხოვრობს. მეორე ქობულეთშია გათხოვილი.

ჯერ ნათესავებთან ვცხოვრობდით ხან ერთთან ხან მეორესთან, მაგრამ რამდენი ხანი უნდა შეაწუხო ნათესავები. რომ დათვრებოდნენ, დაიწყებდნენ ხოლმე, ხომ იცი, ვგრძნობდით, ამას და წავედით და ვიქირავეთ.

ფილტვების ანთება მქონდა, ისეთი ადგილია, რომ გავცივდი. მეგონა ვერ გადავრჩებოდი. მერე ნათესავებმა წამიყვანეს და მომარჩინეს. ამ ზამთარსაც რომ შევრჩე იმ ოთახს... რაღაცა სადმე თავშესაფარი... მეტს ხომ არ ვითხოვთ.

თენგიზ ცინდელიანი, 58 წლის - დევნილი გაგრიდან

მარტო დავრჩი და ვარ ქუჩაში.

თავიდანვე ქირით ვცხოვრობდით, თავიდან 8-სულიანი ოჯახი ვიყავით. საერთოდ 12 დედმამიშვილი ვართ.

დღეს უკვე ქირითაც არ ვარ. აგერ ვცხოვრობ კარავში. ახლა მეუბნებიან 1-ოთახიანი გეკუთვნის, მაგრამ ცოტაა და მაღალი ქულები უნდაო.

4 შვილი და 3 შვილიშვილი მყავს. შვილები გოგოები გათხოვილი არიან და საზღვარგარეთ ცხოვრობენ. შემეძელო 4 და 5 მომეთხოვა, მაგრამ არაკანონიერს არ ვითხოვ. მხოლოდ ჩემთვის ვითხოვ.

აქამდე მქონდა სამსახური, ვმუშაობდი და არ ვაწუხებდი მთავრობას. ველოდებოდი. ახლა სამსახური აღარ მაქვს. სადაც მივდივარ მეუბნებიან ქუჩიდან არავის ვღებულობთო. 35 წლის ზემოთ არავინ გვჭირდებაო. ქირას ვერ ვიხდი. რა გავაკეთო?

ეთერ ხვისტანი, 67 წლის - დევნილი გალიდან

ეთერ ხვისტანი, დევნილი
ეთერ ხვისტანი, დევნილი

უკვე გაუსაძლისი გახდა. ამ დაპირება-დაპირებაში გავიდა დიდი დრო.

არც დედა მყავს, არც მამა, არც და, არც ძმა, არც შვილი, არც ქმარი. მარტოხელა და პენსიონერი ვარ.

ვიცით, რომ საერთო მდგომარეობა არის უმძიმესი, მაგრამ დევნილების მდგომარეობაც წლებია, მოუგვარებელი რჩება. არავითარი დახმარება არ მიგვიღია.

ხან ქირით ვცხოვრობ, ხან ნათესავთან. ახლა ისეთი მძიმე ავადმყოფი ვარ, ძლივს დავდივარ. გულის მანკი მჭირს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG