Accessibility links

ზელენსკი აქციის მონაწილეებს სთხოვს, რუსულ ტელეკომპანიებს სურათს ნუ შეუქმნიან


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 14 ოქტომბერს დაგეგმილი მარშის მონაწილეებს მოუწოდა, არ აჰყვნენ მათ პროვოკაციას, ვისაც ძალიან სურს რუსული ტელევიზიისთვის სურათის შექმნა.

უკრაინის დამცველთა დღის აღსანიშნავად კიევში ჩატარდება მარში „არა კაპიტულაციას“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ზელენსკის პოლიტიკის მოწინააღმდეგე ნაციონალისტური და მკვეთრად მემარჯვენე ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მარშის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ზელენსკიმ დონბასში კონფლიქტის მოსაგვარებლად არ გამოიყენოს ე.წ. შტაინმაიერის ფორმულა.

უკრაინის პრეზიდენტმა ფეისბუკით გაავრცელა მიმართვა, რომელშიც აღნიშნავს, რომ 14 ოქტომბერი ეროვნული დღესასწაულია და ამ დღეს, საკუთარი ხელით საჩუქარი არ უნდა გაუკეთონ არაკეთილმოსურნეებს, რომლებიც ოცნებობენ უკრაინელების დაპირისპირებასა და ქაოსზე, და მათი ერთიანობის ეშინიათ.

ზელენსკიმ მარშის მონაწილეებს მოუწოდა, კანონის შესაბამისად იმოქმედონ. უკრაინის პრეზიდენტმა ვეტერანებს და მოხალისეებს მიმართა, რომ არასდროს დაუშვებს მათი დაღუპული თანამებრძოლების ხსოვნის ღალატს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამართალდამცავებსაც მოუწოდა, პატივი სცენ მშვიდობიანი პროტესტის კონსტიტუციურ უფლებას და უზრუნველყონ მარშის მონაწილეთა უსაფრთხოება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG