Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ხურვალეთში დადებული პირობა შეასრულა


მედლინ მუნი (ცენტრში) სოფელ ხურვალეთში. 2019 წლის 13 სექტემბერი
მედლინ მუნი (ცენტრში) სოფელ ხურვალეთში. 2019 წლის 13 სექტემბერი

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა, ლონდონში, ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას ისაუბრა საქართველოში რუსული ოკუპაციის შედეგებზე.

მუნის განცხადებით, რუსეთი საქართველოს დაყოფას ცდილობს, პერიოდულად სწევს გამყოფ ხაზთან დადგენილ „საზღვარს“ და არაფრად აგდებს ადამიანებს, რომელთა ოჯახები და საკუთრება მავთულხლართებს მიღმა რჩება.

მედლინ მუნმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს უამბო ხურვალეთელ დათა ვანიშვილზე, რომელიც ავადმყოფ ცოლთან ერთად მავთულხლართების მეორე მხარეს დარჩა და ვეღარ ახერხებს ოჯახის სხვა წევრების ნახვას და საკუთარი მიწის დამუშავებას.

„მე პირობა დავდე, რომ ვისაუბრებდი ამაზე, ვისაუბრებდი არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე, არამედ იქ მცხოვრები ადამიანებისა და მათი უფლებების დარღვევების შესახებ“, - განაცხადა 14 ოქტომბერს, მედლინ მუნმა.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მავთულხლართებით გაყოფილ სოფელ ხურვალეთში 13 სექტემბერს იმყოფებოდა და პირადად ესაუბრა 88 წლის დათა ვანიშვილს, რომლის სახლი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოექცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო მიწის ნაკვეთი დარჩა სოფლის იმ ნაწილში, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს. დათა ვანიშვილთან საუბრის შემდეგ მედლინ მუნმა განაცხადა: „ადამიანები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, ერთ დღეს იღვიძებენ და მათ უკვე წართმეული აქვთ საქართველოს მოქალაქეობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას ჩვენი თვალით ვხედავთ. ამ ადამიანის მონათხრობიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მადლობას ვუხდით მას სიმამაცისთვის, რომ მოვიდა და აგვიხსნა ის სირთულეები, რასაც ყოველდღე აწყდება. ეს არის მნიშვნელოვანი მაგალითი იმ სისასტიკისა და არაადამიანურობისა, რაც აქ ხდება. ხალხს ართმევენ ოჯახებს, მიწას, თავის რჩენის საშუალებას, მემკვიდრეობასა და ყოველდღიურ ცხოვრებას. ჩვენი საქმეა დაკვირვება, კითხვების დასმა და მოსმენა. ჩვენ შემდეგ შეხვედრაზე, ოქტომბერში, ლონდონში, გპირდებით, რომ მხოლოდ ანგარიშს კი არ დავწერთ, არამედ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რომ უფრო ვრცელი ინფორმაცია მივაწოდოთ იმ სირთულეებისა და იმ სისასტიკის შესახებ, რაც აქ ხდება ყოველდღე“.

14 ოქტომბერს, ლონდონში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას მედლინ მუნმა ისაუბრა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევაზე ჯერ საქართველოში, შემდეგ კი უკრაინაში.

„ჩვენ ვიხილეთ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია 2008 წელს, თუმცა 2014 წელს მაინც გაგვიკვირდა, როდესაც რუსეთმა გამოიყენა ძალა თავისი მეზობლის წინააღმდეგ და უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის ოკუპაცია მოახდინა. შემდეგ მან დაიწყო კამპანია აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გასაღვივებლად. რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლისა და ნორმების უხეშ დარღვევას თან ახლდა ძალისხმევა, რომლის მიზანი იყო დასავლური დემოკრატიული საზოგადოებისა და ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა“, - განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

მედლინ მუნის თქმით, ასამბლეა საქართველოს და უკრაინის მხარდამჭერად რჩება. მუნის შეფასებით, ამის ერთ-ერთი დასტურია 2017 წელს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის თბილისში ჩატარება და გადაწყვეტილება, რომ 2020 წელს სესიას კიევი უმასპინძლებს.

XS
SM
MD
LG