Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა "უკანასკნელ იმედს" ხედავს ნოემბერში დანიშნულ სამშვიდობო სამიტში


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვადიმ პრისტაიკო აცხადებს, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში პარიზში შესაძლოა გაიმართოს სამშვიდობო სამიტი და მოსკოვის მიერ მხარდაჭერილმა მეამბოხეებმა აღმოსავლეთ უკრაინაში შესაძლოა შეინარჩუნონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კონფლიქტში, რომელსაც 2014 წლის შემდეგ 13 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, - იუწყება „როიტერსი“.

პრისტაიკომ „როიტერსს“ 14 ოქტომბერს ინტერვიუში უთხრა, რომ უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს შორის შეხვედრა იქნებოდა "უკანასკნელი შანსი" მოსკოვისთვის, სერიოზულად ჩაერთოს კონფლიქტის გადაჭრის ძალისხმევაში.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირაში რუსეთს ბრალი დასდო სამიტის შეფერხებაში, რადგან მოსკოვი აცხადებს, რომ ჯერ კიევმა უნდა დაახევინოს უკან თავის ძალებს.

ლუქსემბურგში, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების წინაშე გამოსვლამდე, პრისტაიკომ „როიტერსს“ უთხრა, რომ სამიტამდე შვიდი დღის განმავლობაში დაცულ უნდა იქნეს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ქვეყნის აღმოსავლეთიდან გატანილ უნდა იქნეს მსუბუქი შეიარაღება. „კვლავაც მაქვს იმედი, სხვა შემთხვევაში არც შევეცდებოდით ამას“, - ამბობს პრისტაიკო.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებებმა, რომლებიც მინსკის ხელშეკრულებების ფარგლებში შემუშავდა - 2014 წლის სექტემბერში და 2015 წლის თებერვალში - რეგიონში ბრძოლის მასშტაბი შეამცირა, თუმცა სრულად ვერ იმუშავა.

„ყველას ვეუბნებით, რომ ეს შესაძლოა იყოს ჩვენი უკანასკნელი გულწრფელი მცდელობა, მივდიოთ მინსკის გზას“, - თქვა პრისტაიკომ და დასძინა: „თუ ესეც არ იმუშავებს, მოგვიწევს სხვა გეგმაზე ფიქრი“. პრისტაიკოს ალტერნატიული გეგმის შინაარსი არ დაუკონკრეტებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG