საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში ჩასვლის ნებართვა მისცა.
რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად ატოცში გაემგზავრნენ მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებიც.
ჟურნალისტები ორ საათზე მეტხანს იმყოფებოდნენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქშაქეთში მდებარე პოლიციის საგუშაგოსთან, საიდანაც სამართალდამაცვები ატოცისკენ არ უშვებდნენ.
მედიის წარმომადგენლები ატოცში მიდიოდნენ საოკუპაციო ხაზთან, ჩორჩანა-წაღვლი-ყობის ტყეში შექმნილი ვითარების გასაცნობად.
15 ოქტომბერს, მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერმა დავით ქაცარავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ოკუპანტები ყობისკენ დაიძრნენ და ძალიან დიდი ალბათობით დღის ბოლომდე ყობი მოექცევა საოკუპაციო ხაზის შიგნით“.
15 ოქტომბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩორჩანისა და წაღვლის მიმდებარედ აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს, რაც უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესში გამოიხატება, ყობის ტერიტორიაზე კი „ბორდერიზაცია“ არ მიმდინარეობს.