Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვლევა: კლუბური ნარკოტიკების მომხმარებლების უმრავლესობამ მათი შემადგენლობა არ იცის


ე.წ. კლუბური ნარკოტიკების მომხმარებელთა უმრავლესობას არასდროს გადაუმოწმებია მათი შემადგენლობა, კვლევის მონაწილეთა ნახევარმა აღნიშნა, რომ ჰქონია ზედოზირების შემთხვევა. უმეტესად ამის მიზეზი სინთეზური კანაბინოიდები („ბიო“) ან სინთეზური ჰალუცინოგენი („ენბაუმი“) იყო, - ნათქვამია კვლევის ანგარიშში, რომელიც 18 ოქტომბერს ადიქტოლოგთა ასოციაციამ წარადგინა.

კვლევა 2019 წელს „კაქტუს-მედიის“ დაკვეთითა და „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით ჩატარდა.

კვლევის ერთ-ერთი შემსრულებლის თამარ მღებრიშვილის თქმით, მომხმარებლებში დაბალია სპეციალური ტესტების საშუალებით მიღებამდე ნარკოტიკის შემოწმების პრაქტიკაც. ზოგ მათგანს კი ასეთი ტესტების არსებობის შესახებ არც გაუგია.

„რაც შეეხება ინფორმაციის მოძიების სტრატეგიებს, ისინი მიზანმიმართულად არ ეძებენ კონკრეტულ გვერდს ან ინფორმაციას, ან მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მონაცემებს და მარტივად გუგლში ჩაწერის შედეგად პირველად ამოვარდნილ გვერდზე ნახულობენ მასალებს“, - ამბობს თამარ მღებრიშვილი.

„კაქტუს-მედიის“ დამფუძნებელი ცირა გვასალია რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ჩაღრმავებული ინტერვიუების დროს მონაწილეები ვერ ასახელებდნენ ვერცერთ კვალიფიციურ სამეცნიერო ვებგვერდს, სადაც ოდესმე ინფორმაცია მოუძებნიათ ნარკოტიკული საშუალების შესახებ, რაც ზიანის შემცირებას შეუწყობდა ხელს. „ეს ზედოზირების შემთხვევების არა ერთადერთი, თუმცა ერთ-ერთი მიზეზია. ძირითადად ზედოზირება ხდება გამოუცდელ მომხმარებლებში. გარდა ამისა, ხშირია შემთხვევები, როცა მომხმარებლები ერთმანეთს ურევენ ნარკოტიკსა და სასმელს ან რამდენიმე სხვადასხვა ნარკოტიკს, რაც ასევე სახიფათოა. ამ ადამიანებს არ აქვს ინფორმაცია იმაზე, რომ არ შეიძლება კომბინაციის მიღება“, - ამბობს ცირა გვასალია.

ამ ეტაპზე, საქართველოში ნარკოტიკების წინასწარი შემოწმების ტესტები ძირითადად მუსიკის ფესტივალებზეა ხელმისაწვდომი. მათ მოხალისეთა ორგანიზაცია „მანდალა“ არიგებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG