ანა დოლიძის განცხადებით, წარდგინებით, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს მიმართა და რომლის თანახმად, საბჭო სალომე ზურაბიშვილს დოლიძისთვის საბჭოს არამოსამართლე წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას სთხოვს, პოლიტიკური დევნის მაგალითია.
ანა დოლიძის სიტყვებით, პრეზიდენტის პოზიცია ამ საკითხზე, იქნება ლაკმუსის ტესტი - გახდება თუ არა ის ამ პოლიტიკური დევნის ნაწილი.
„გასაგებია, რომ „ქართული ოცნება“ შეწუხებულია კრიტიკული ხმების აქტიურობით და განსაკუთრებით შეწუხებულია „ქართული ოცნების“ ინტერესების განმახორციელებელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა. ის იმდენად შეწუხებულია კრიტიკული ხმების აქტიურობით, რომ დღეს გადაწყვიტეს მიეღოთ სრულიად უკანონო გადაწყვეტილება და „წარდგინებით“ მიემართათ პრეზიდენტისთვის და მას შემდეგ, რაც მივუთითე, რომ ასეთი უფლება საბჭოს არცერთი კანონოთ არ აქვს, მათ მორიგჯერ უკან დაიხიეს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
მისი სიტყვებით, იუსტიციის საბჭოს არ აქვს სურვილი, ერთმანეთისგან გაარჩიოს საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს კანონი პოლიტიკური გაერთიანების წევრობას და პოლიტიკაში მონაწილეობას უკრძალავს და არა პედაგოგიურ და შემოქმედებით საქმიანობას. თუმცა, მოქმედმა უზენაესმა საბჭომ აქტიურ პოლიტიკურ პროცესში შეიყვანა მოსამართლეები.
„როგორც „წარდგინებაში“ მიუთითეს, მე საზოგადოებრივ აქტიურობას ვეწევი. 2004 წლიდან გუშინდელი დღის ჩათვლით, მე ნამდვილად საზოგადოებრივად, სამოქალაქოდ ვაქტიურობ, უამრავ საჭირბოროტო თემაზე და ამის გაჩერების შესაძლებლობა არ ჰქონდა არც წინა ხელისუფლებას და ამ ხელისუფლებასაც ამ სიამოვნებას მე ვერ მივანიჭებ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
კითხვაზე, დააკმაყოფილებს თუ არა პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის მომართვას, ანა დოლიძემ განაცხადა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა და პრეზიდენტის ქმედება ამ საკითხზე იქნება ლაკმუსის ტესტი.
„ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, ჩემი, როგორც სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი ხმის წინააღმდეგ. მე ვფიქრობ, რომ ქალბატონი სალომეს შესაძლო გადაწყვეტილება იქნება ლაკმუსის ტესტი, რამდენად გახდება ის ამ პოლიტიკური დევნის ნაწილი, ან რამდენად ის იქნება სისტემის მანკიერების წინააღმდეგ კრიტიკური ხმების მხარეს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა მოამზადა მიმართვა, რომლის თანახმად, საბჭო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, უფლებამოსილება შეუწყვიტოს საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს.
გვრიტიშვილი მიზეზად ასახელებს დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობას.