საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ვებსაიტებზე კიბერთავდასხმის გამო, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას შსს-დან აცნობეს.
მოგვიანებით, გამოძიებას კიდევ ერთი მუხლის დაემატა - სისხლის სამართლის 286 მუხლი. რაც კომპიუტერული მონაცემების და/ან კონპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.
საიტების უმეტესობა, რომლებზეც კიბერთავდასხმა განხორციელდა, განთავსებულია კომპანია "serv.ge"-ს სერვერზე.
კომპანიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სამართალდამცავები მათ ჯერჯერობით არ დაკავშირებიან.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ხარვეზი დაფიქსირდა გლობალურ ქსელში და ახლა ისინი ამ "ხარვეზის მოგერიების რეჟიმში იმყოფებიან".
28 ოქტომბერს კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის, საკრებულოების და არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ვებსაიტებზე. პარალიზებულ საიტებზე ჩანს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ინგლისურენოვანი წარწერით: „მე დავბრუნდები“.