Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საგამოძიებო მიმართულების პრეზენტაცია გამართა


სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია
სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულების ამოქმედებამდე ორი დღით ადრე, სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ ამ მიმართულების პრეზენტაცია გამართა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სამართალდამცველებისა და მოხელეების მიერ ჩადენილი შესაძლო, ძალადობრივი დანაშაულის გამოსაძიებლად შეიქმნა. კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ, პარლამენტმა 2018 წელს მიიღო.

ლონდა თოლორაიას განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სრულ მზადყოფნაშია, რათა 1 ნოემბრიდან დაიწყოს საგამოძიებო უფლებამოსილების განხორციელება. თოლორაიას თქმით, საგამოძიებო ფუნქციის შესრულებისთვის მომზადების მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორმა აქტიურად იმუშავა სხვა სახელმწიფო უწყებებთან, სახალხო დამცველის ოფისთან და საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად.

სახელმწიფო ინსპექტორის ინფორმაციით, საგამოძიებო დეპარტამენტი დაკომპლექტებულია კონკურსის საფუძველზე შერჩეული სხვადასხვა გამოცდილების მქონე კადრებით და აღჭურვილია გამოძიებისთვის საჭირო ტექნიკითა და ინსტრუმენტებით.

საქმიანობის პირველ ეტაპზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ოფისები იმუშავებენ თბილისსა და ქუთაისში. აღმოსავლეთის და დასავლეთის სამმართველოებში 16 გამომძიებელია. 1 ნოემბრიდან ამოქმედდება 24 საათიანი ცხელი ხაზი, ნომრით 199.

პრეზენტაციას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მეგობარი ქვეყნების ელჩებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ ქვეყანას ჯერ კიდევ გასავლელი აქვს რეფორმირების დიდი გზა.

„დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი და სახელმწიფო ინსპექტორი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი დემოკრატიული რეფორმირების, რომელზეც ყველა შევთანხმდით და ერთად, გარკვეული ძალისხმევით გადავდგით ეს ნაბიჯი. ჩვენი სამართალდამცავი სისტემისთვის გარკვეულ გამოწვევას წარმოადგენდა სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ პირველი ნოემბრიდან, როგორც კი ეს მექანიზმი ამოქმედდება, ეს იქნება კიდევ ერთი ძლიერი ნაბიჯი სამართალდამცავი სისტემის მიმართ ნდობის გაძლიერების თვალსაზრისით და კიდევ ერთი ძლიერი ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიზაციის მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში გადაიდგა სამართალდამცავ და მართლმსაჯულების სისტემებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG