Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IPN: პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს შეწყალების საკითხზე მომუშავე სათათბირო ორგანოს შექმნას


პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს 30 ოქტომბერს შეხვდა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს 30 ოქტომბერს შეხვდა

„შეწყალების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ბრძანებულების პროექტის ძირითადი არსი პატიმართა შეწყალების საკითხზე მომუშავე სათათბირო ორგანოს შექმნაა - ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, პრეზიდენტი ფიქრობს კომისიის, ან სათათბირო ორგანოს შექმნაზე, სადაც შეწყალების შემთხვევების განხილვა მოხდება და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

„ინტერპრესნიუსისთვის“ ცნობილია ის ძირითადი პრინციპებიც, რომლებსაც პრეზიდენტს სთავაზობს „ქართული ოცნების“ გუნდი.

კერძოდ, შეწყალების შესახებ გადაწყვეტილებისას გათვალისწინებული უნდა იყოს:

1. ჩადენილი დანაშაულის ხასიათი; სოციალური რისკი; არის თუ არა დანაშაული ჩადენილი ბავშვის წინააღმდეგ; ქალის წინააღმდეგ; ან მოწყვლადი ჯგუფების მიმართ; ჩადენილია თუ არა დანაშაული განსაკუთრებული სისასტიკით

2. შემთხვევები, როდესაც მსჯავრდებულს აქვს შესაძლებლობის შეზღუდვის ისეთი ხარისხი ან ისეთი სამედიცინო დიაგნოზი, რომელიც შეუთავსებელია სასჯელის მიზნებთან;

3. არ მოხდეს ძებნილი პირების შეწყალება;

4 . არ უნდა მოხდეს პოლიციელის, სამართალდამცავის სიცოცხლის ხელყოფაში მსჯავრდებულის შეწყალება;

5. შეწყალება იყოს საგამონაკლისო წესით გამოყენებული.

30 ოქტომბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატიმართა შეწყალების ახალი წესის შემუშავებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს და იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა განაცხადა, ადმინისტრაციაში შემუშავდა ბრძანებულების პროექტი შეწყალების წესის შესახებ, რომელიც რეკომენდაციებისათვის საქართველოს პარლამენტს გაეგზავნა.

18 სექტემბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პატიმართა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა განზრახ მკვლელობის და სხვა მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულთა შეწყალებით საზოგადოებაში გამოწვეული პროტესტი.

XS
SM
MD
LG