Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქარელში დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა


ერთი ადამიანი დაშავდა ქარელში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარე შენობის პირველ სართულზე მომხდარი აფეთქების შედეგად. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულია 58 წლის მამაკაცი, რომელიც სტაციონარში გადაიყვანეს.

შენობაში, სადაც აფეთქება მოხდა, დევნილები ცხოვრობენ. ქარელის მერიის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კორპუსის მცხოვრებნი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

სამაშველო სამსახურის ცნობით, სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე დაზიანებულია 11 საცხოვრებელი ბინის შესასვლელი კარი, ოთახებს შორის ტიხრები და ჩამსხვრეულია მინები. დაზიანდა ეზოში მდგარი ავტომობილიც.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მზად არიან ყველა ოჯახს შესაბამისი დახმარება გაუწიონ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG