„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ადვოკატი გიორგი ონიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა. მას საპატიმრო ვადა მიმდინარე წლის 3 ნოემბერს ეწურებოდა, თუმცა, როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, უქმე დღეების გამო, საპატიმრო დაწესებულება 1 ნოემბერს დატოვა.
გიორგი ონიანი 2017 წლის 7 ნოემბერს სასამართლო დარბაზში დააკავეს. მას ბრალი რამდენიმე მუხლით ჰქონდა წაყენებული - მათ შორის, უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით.
კერძოდ, პროკურატურა გიორგი ონიანს ედავებოდა დანაშაულის ორ ეპიზოდს, რომელიც მისი შსს-ში მუშაობის პერიოდს განეკუთვნებოდა. გამოძიების თანახმად, გიორგი ონიანმა "ქართული ოცნების" ლოგოიანი მაისურების დამზადების გამო 2011 წელს "ნარკოტიკული საშუალების ჩადებით უკანონოდ დააკავა "დაო პრინტის" მენეჯერი დავით შათირიშვილი და მას ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წაუყენა.
პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ონიანმა ამავე სცენარით "ქართული ოცნების" კიდევ ერთი მხარდამჭერი ლევან მდინარაძე, მეტსახელად დიჯეი რემბო დააკავა.
სასამართლომ გიორგი ონიანს თავისუფლების 4 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განაჩენით გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რის საფუძველზეც გიორგი ონიანს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანახმად, მას 2 წლისა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.