Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პატრიარქი ლოცვებში აღარ მოიხსენიებს ელადის ეკლესიის მეთაურს


რუსეთის მართლადიდებელი ეკლესიის საგარეო ურთიერთობების სინოდალური ორგანოს ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონი აცხადებს, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ამიერიდან წყვეტს ევქარისტიულ კავშირს ელადის ეკლესიის მეთაურთან, რომელიც საბერძნეთის მართლმადიდებლებს აერთიანებს.

ამის მიზეზი გახდა ათონის არქიეპისკოპოს იერონიმ მეორის მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტის, ეპიფანის სახელზე ამ კვირაში გაგზავნილი წერილი, რომელშიც ლაპარაკია ამ ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე.

მანამდე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს მიანიჭა უფლებამოსილება, შეწყვიტოს ღვთისმსახურებისას ათენის და სრულიად ელადის არქიეპისკოპოს იერონიმეს მოხსენიება, თუ ის დაიწყებს „უკრაინის ეკლესიაში განხეთქილების შემტანი დაჯგუფების მეთაურის მოხსენიებას, ან სხვა ქმედებებით დაადასტურებს ამ განხეთქილების აღიარებას“.

მიტროპოლიტ ილარიონის თქმით, ამ საკვირაო წირვაში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე ლოცვებში აღარ მოიხსენიებს ათონის არქიეპისკოპოსს. მანამდე კირილემ ასევე შეწყვიტა ლოცვებში კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს მოხსენიება.

ამასთან, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ გაწყვეტს ევქარისტიულ კავშირის ელადის ყველა სხვა ეკლესიასთან, რომელთა წინამძღვრებმაც არ აღიარეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია 2019 წლის იანვარში აღიარა. მანამდე, 2018 წლის დეკემბერში, კიევში გაიმართა საეკლესიო კრება, რომელზეც ახალ სტრუქტურად გაერთიანდნენ კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და ის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიაკუთვნეს. მოსკოვის და სრულიად რუსეთის საპატრიარქო უკრაინის ეკლესიას კვლავ თავის ნაწილად მიიჩნევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG