Accessibility links

logo-print logo-print

გია უდესიანს ბრალი წარუდგინეს გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების მუხლებით


კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ყოფილ მოადგილეს გია უდესიანს პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა.

ბრალდება უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებას უკავშირდება. უდესიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 24, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

სისხლისსამართლებრივი დევნა ასევე დაიწყო, პროკურატურის ვერსიით, გამოძალვაში მონაწილე ზ.გ.-ს მიმართ, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

რაც შეეხება საქმის გარემოებას, პროკურატურის ცნობით, „2009 წლის 9 ნოემბერს, გია უდესიანის ორგანიზებით, ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა, ბიზნესმენი ე.ლ. ძალადობის გამოყენებითა და მუქარით მოიტაცეს რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი აფთიაქიდან, იძულებით მოათავსეს იქვე მყოფ ავტომანქანაში, აღუკვეთეს თავისუფლად გადაადგილების უფლება და მისივე ნების საწინააღმდეგოდ, გადაიყვანეს ზაჰესში მდებარე საბაჟო ტერმინალში, სადაც გია უდესიანი და ზ.გ. იარაღის მუქარითა და სხვა უკანონო ზემოქმედებით მოითხოვდნენ მისგან ქონების დათმობას მათთვის სასურველ პირზე გადაფორმების გზით.

დანაშაულებრივი მიზნის მისაღწევად, გ.უ.-მ ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პრაქტიკულად თავისუფლებააღკვეთილ ე.ლ-ს. მასვე განუცხადა, რომ იყო იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან დაახლოებული პირი და უკან არაფერზე დაიხევდა. მუქარისთვის მეტი დამაჯერებლობის მისაცემად, ადგილზე მიიყვანეს შსს-ს მაღალჩინოსანი დ.ტ., წარუდგინეს შს მინისტრის მოადგილედ და მისი თანდასწრებით მოითხოვდნენ ქონების გადაფორმებას, რისთვისაც ადგილზე ასევე მიიყვანეს ნოტარიუსი“.

როგორც პროკურატურა აცხადებს, გია უდესიანსა და ზ.გ.-ს მოქმედების შედეგად, ე.ლ.-მ შპს „ბარდნალაში“ მისი კუთვნილი 30%-იანი წილი (ნომინალური ღირებულებით 10280 ლარი) და მის პირად საკუთრებაში არსებული, ცაგერის რაიონის სოფელ ჩქუმში მდებარე მიწის ნაკვეთი (ფართობით 3998 კვ.მ), მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით (ღირებულებით 7000 ლარი), გადააფორმა მოქალაქე მ.ც.-ზე, ისე, რომ სანაცვლოდ თანხა არ მიუღია.

გია უდესიანი, ასევე, ბრალდებულია „კუს ტბის“ საქმეზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG