საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის კვლავ უცნობია ტოგოს რესპუბლიკაში გატაცებული მეზღვაურების ადგილსამყოფელი. სააგენტოს თანახმად, გემთმფლობელი კომპანია გამტაცებლებისგან კავშირს ელოდება.
როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ზაზა მახარაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, გამოცდილების გათვალისწინებით, გამტაცებლები კონტაქტზე შემთხვევიდან 2-3 დღის შემდეგ გადიან და, როგორც წესი, მეზღვაურების გათავისუფლების სანაცვლოდ, გამოსასყიდს ითხოვენ ხოლმე:
„ქართველი მეზღვაური ბათუმელია და მისი ოჯახი უკვე საქმის კურსშია. თუმცა აქვე მისი უსაფრთხოების მიზნით მინდა განვაცხადო, რომ მედიის საშუალებით არ უნდა გავრცელდეს რაიმე ტიპის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია.
ჩვენ ვესაუბრეთ როგორც საბერძნეთის სახელმწიფო უწყებებს, ასევე ტოგოს რესპუბლიკის შესაბამის სამსახურებს, ასევე გემთმფლობელ კომპანიას და, სამწუხაროდ, მეზღვაურების ადგილსამყოფელი ჯერჯერობით დადგენილი არ არის. თავად ეს კომპანია ელოდება კავშირს გამტაცებლებთან“, - ზაზა მახარაძე ამბობს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ყველა შესაძლო გზით ცდილობს ქართველი მეზღვაურის ტყვეობიდან უსაფრთხოდ დახსნას.
ბერძნული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერიდან ოთხი მეზღვაური მეკობრეებმა 4 ნოემბერს, ღამის 3 საათზე გაიტაცეს. თავდასხმის დროს ტანკერზე 24 მეზღვაური იმყოფებოდა. გატაცებული 4 პირიდან ერთი საბერძნეთის მოქალაქეა, ერთი საქართველოსი და ორი ფილიპინების.