უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი ქეთევან ცინცაძე ამბობს, რომ არ ახსენდება ექსტრემისტული ჯგუფების ხელისუფლების მხრიდან წახალისების მაგალითები და ფაქტები. იგი აღნიშნავს, რომ მისთვის მიუღებელია ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, სახელმწიფო პროცესში მხოლოდ ძალადობის შემთხვევაში უნდა ჩაერიოს.
უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა ეს განმარტება გააკეთა მას შემდეგ, რაც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ დაუსვა შეკითხვა იმის შესახებ, არის თუ არა ძალადობა ის, რომ ვიღაც „შიშველი ხელებით“ ცდილობს, შვედური ფილმის („და ჩვენ ვიცეკვეთ“) კინოჩვენება ჩაშალოს და 2000 ადამიანს ფილმის ყურება აუკრძალოს იმიტომ, რომ ეს მის მორალურ შეხედულებებს არ ეთანხმება.
„შიშველი ხელებით, ესე იგი ყოველგვარი ძალადობის გარეშე. აქ არის ფაქტობრივად თანაარსებობა ორი აზრის... თუ ძალადობენ, აქ უნდა ჩაერიოს სახელმწიფო... თვითონ კინოთეატრსაც აქვს შესაძლებლობა მიიღოს შესაბამისი ღონისძიებები. მე მგონი, სახელმწიფოს ჩართულობა არის მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როდესაც ეს იღებს აშკარა ძალადობის სახეს და ამ დროს საჭირო ხდება სამართალდამცავი ორგანოების ჩართვა“, - უპასუხა ქეთევან ცინცაძემ რომან გოცირიძეს.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-18 კანდიდატს, ქეთევან ცინცაძეს უსმენენ.
2017 წლის ნოემბრიდან ქეთევან ცინცაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორია. მისი ფუნქციაა მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყება და განხორციელება, საქმის გარემოებების მოკვლევის შედეგად შესაბამისი დასკვნის მომზადება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენა.
2011-2017 წლებში ქეთევან ცინცაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოში, მოსამართლის თანაშემწედ მუშაობდა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 23 სექტემბრიდან მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ ასარჩევი კანდიდატების მოსმენა.
კომიტეტის სხდომაზე უკვე მოუსმინეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ 20-დან 17 კანდიდატს.