Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომან გოცირიძის შეფასებით, მთავრობა ცდილობს ეკლესიის წინააღმდეგ შეთქმულება ოპოზიციას დააბრალოს


„ტროლების ფაბრიკას“ პარლამენტშიც და მთავრობაშიც მიეცა ბიძგი, - ასე გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ ეკლესიაზე შეტევის უკან შესაძლოა იდგნენ ის ძალები, რომლებმაც ივნისში იერიში პარლამენტზე მიიტანეს.

გოცირიძის შეფასებით, მთავრობა ბინძურ პროპაგანდას და აგიტაციას ეწევა მილიონებით დაფინანსებული „ტროლების“ მეშვეობით, რომლებიც წამლავენ საზოგადოებას და ავრცელებენ ფარულ ვიდეოჩანაწერებს.

„დღეიდან ერთ-ერთი „ტროლური“ გამოვლინება იწყება და „ტროლების ფაბრიკას“ პარლამენტშიც და მთავრობაშიც მიეცა ბიძგი და პირდაპირ მითითება, რომ ანტიკონსტიტუციური გადატრიალება, რომელსაც ახდენდა მთავრობა ივანიშვილის დავალებით და უნდოდათ არნახული დანაშაულის ჩადენა - მოქმედი პატრიარქის ჩანაცვლება მათთვის მისაღები ადამიანით, მთელი ამ შეთქმულების ორგანიზატორად ხალხს შეასაღონ ოპოზიცია“, - უთხრა ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ. მისი შეფასებით, ეს არის უზნეობა და დანაშაულზე კიდევ ერთი დანაშაულის დამატება, ამიტომ ეკლესიამაც უნდა თქვას თავისი სიტყვა, როდესაც ხელისუფლებას გამოძიება არ სურს.

„ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს გამოძიებას ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, იაკობის საჯარო განცხადების გამო, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ მთავრობის მაღალჩინოსნები სთხოვდნენ დახმარებას ეკლესიისგან კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ჩამოშორებაში.

XS
SM
MD
LG