Accessibility links

site logo site logo

პარლამენტის თავმჯდომარე ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობაში ოპოზიციის კვალს ხედავს


პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე

„პატრიარქს და ეკლესიას აქვს ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა“, - ამის შესახებ დღეს, 6 ნოემბერს, ბათუმში, ჟურნალისტებს უთხრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს.

არჩილ თალაკვაძის შეფასებით, საქართველოს ეკლესიის გარშემო ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ვინ დგას საქართველოს, სახელმწიფოს და ეკლესიის გვერდით.

„გამოჩნდნენ ის ძალებიც, რომელთა ინტერესებში, მაღალი ალბათობით, შედის ეკლესიის დისკრედიტაცია და ასევე შედის სახელმწიფოს შესუსტება, სახელმწიფო ინტერესების დაზიანება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ამ პროცესების უკან დგანან ადამიანები, ვინც წინა შემთხვევებშიც იყვნენ არეულობების, მათ შორის, პარლამენტზე მიტანილი ძალადობრივი შეტევის უკან. თალაკვაძის შეფასებით, ამ მოვლენებს აერთიანებს ქვეყანაში მთავარი ინსტიტუტების დისკრედიტაციის მცდელობა, თუმცა, „ვერანაირი განცხადებები ვერ შეასუსტებს პატრიარქს და ეკლესიას“.

არჩილ თალაკვაძე გულისხმობდა 20-21 ივნისს, ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა ძალით შეჭრის მცდელობას საქართველოს პარლამენტის შენობაში. ამ ფაქტის გამო სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული ორი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი - პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ნიკა მელია და „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG