Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ნიკა მელიას პროცესი


„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად ბრალდებული ნიკა მელია არ ესწრება.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე მოწმეები დაიკითხებიან და ბრალდების მხარის ორ მოწმეს მოუსმენენ.

რაც შეეხება ნიკა მელიას პროცესზე დაუსწრებლობის საკითხს, გიორგი კონდახიშვილის განმარტებით, ნიკა მელიას ერთ-ერთ წინა პროცესზე დარბაზი იძულებით დაატოვებინეს და, შესაბამისად, საპროცესო კანონმდებლობა ამ შემთხვევაში ითვალისწინებს, რომ შეზღუდვა სასამართლო პროცესების ბოლომდე გაგრძელდეს.

ადვოკატის განცხადებით, ამის მიუხედავად, შესაძლოა, დაცვის მხარემ მიმართოს სასამართლოს, რომ ნიკა მელია პროცესებს დაესწროს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ნიკა მელიას 27 ივნისს 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. პროკურატურამ მას 20-21 ივნისს საპროტესტო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ნიშნით, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წაუყენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2 ივნისს პროკურატურას ნიკა მელიას ელექტრონული მონიტორინგი დაავალა და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ის გადაწყვეტილებაც, რომელიც დეპუტატისთვის გარკვეული ტიპის შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებდა. კერძოდ, მას არ აქვს საცხოვრებელი ადგილის საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე დატოვების, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე საჯარო განცხადებების გაკეთებისა და მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის უფლება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მონიტორინგის მიზნით ელექტრონული სამაჯური უკეთია.

XS
SM
MD
LG