Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო სისტემის შესაცვლელად პარლამენტს დრო არ ეყო


საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებულ კანონპროექტს.

20 ოპოზიციური პარტიის მიერ 200 000-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერით პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს მხოლოდ 32-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 55. საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის დამტკიცებისთვის კი 113 დეპუტატის ხმაა საჭირო.

კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა ჩააგდო, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით გამართვას 3-პროცენტიანი ბარიერითა და საარჩევნო ბლოკების დაშვებით გულისხმობდა.

საქართველოს პარლამენტი დღესვე განიხილავდა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილებებით, მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდება უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არა 2024 წლიდან, როგორც ამას დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს. „ქართული ოცნების“ ინიციატივით, 3%-იანი საარჩევნო ბარიერი ე.წ. ნულოვანი ბარიერით უნდა შეიცვალოს და აიკრძალოს საარჩევნო ბლოკების შექმნა.

საქართველოს 150-წევრიან პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ ჰყავს.

საპარლამენტო ოპოზიციაში დღეს აცხადებდნენ, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ მისცემენ საბაბს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შესანარჩუნებლად და შესაბამისად, მხარს დაუჭერდნენ უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებასაც. „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს „ევროპული საქართველოც“. „ქართული ოცნების“ კანონპროექტს მხარს უპირობოდ დაუჭერენ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრებიც.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგება უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატების მხოლოდ ნაწილი. წალკის და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი იმედოვნებს, რომ 30-40 მაჟორიტარი მხარს არ დაუჭერს საარჩევნო სისტემის შესაცვლელად ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს და „პროექტი ჩავარდება“. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამ სისტემაზე გადასვლა 2021 ან 2022 წელს რიგგარეშე არჩევნებს გამოიწვევს.

მმართველი პარტია მაჟორიტარული სისტემის 2020 წლისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად. რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო გამოსვლების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის შენობის წინ 12 ნოემბერს აქცია გამართეს და მოითხოვეს, ხელისუფლებამ პირობა შეასრულოს - „შეასრულე მოცემული პირობა! არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება! არ გაბედო!“

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან 13 ნოემბერსაც შეიკრიბებიან. ამ დღეს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მსჯელობა უნდა განაახლოს.

XS
SM
MD
LG