„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის შეხვედრა დასრულდა.
„ის ვითარება, რაც იყო გუშინ, კიდევ უფრო გამყარდა. აქ იყო სრული ერთიანობა. ეს ეხება საპროტესტო აქციების დაგეგმვას, მწვავე პროტესტის გაგრძელებას, მანამ, სანამ ივანიშვილი, რომელმაც საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენა, არ დაიხევს უკან“, - თქვა „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ გიგაა ბოკერიამ.
დეპუტატმა ხელისუფლების წინაშე დაყენებული კონკრეტული მოთხოვნის შესახებაც ისაუბრა.
„ხელისუფლებას ჩვენ ვთხოვთ ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს. ამის გზაც არსებობს, სწრაფად, როგორ უნდა გაკეთდეს. ბევრი ხალხი გვეკითხებოდა, როგორო? მარტივი ამბავია, 76 ხმითაც შეიძლება ამის გაკეთება. იმისთვის, რომ ივანიშვილმა, რომელმაც უტიფრად შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადოებას, იძულებული იყოს, ვადამდელი პროპორციული არჩევნები ჩაატაროს, საჭიროა მწვავე პროტესტი და ოპოზიციის ერთიანობა. ამ პროტესტმა უნდა მიაღწიოს იმ დუღილის ტემპერატურას, რომ მას სხვა გზა არ ჰქონდეს გარდა იმისა, რომ ეს ნაბიჯები გადადგას, რაც სჭირდება საქართველოს“, - ამბობს ბოკერია.
როგორც გიგა ბოკერია ამბობს, თუ მოქმედი მოდელი შენარჩუნდა, აბსოლუტურად ლოგიკური იქნება ოლქების ნაწილში მაინც ოპოზიციამ კოორდინაცია მოახდინოს.
კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტა, რომ ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუკი პარლამენტი მიმდინარე სამ თვეში საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს.
საკონსტიტუციო ცვლილების გარეშე კი შეიძლება ე.წ. გერმანული მოდელის მიღება, რასაც პარლამენტში ინიცირება დასჭირდება.
როგორც ვახუშტი მენაბდე ამბობს, „გერმანული მოდელი“ არ შეიძლება ჩაითვალოს პროპორციულ სისტემად, თუმცა ის საშუალებას იძლევა, რომ პარტიამ მაჟორიტარების ხარჯზე ვერ გაიმარჯვოს.
14 ნოემბერს პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო.
პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას მართავენ.