Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა მდინარაძე რეფერენდუმის შესაძლო დანიშვნაზე: ამ საკითხზე მსჯელობა იქნება


ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის ინიციატივას. ზოიძეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარება სურს.

„საბოლოო პასუხს გადაჭრით ამასთან დაკავშირებით ნამდვილად ვერ გაგცემთ და ჩვენ ამასთან დაკავშირებით გუნდში მომდევნო დღეების განმავლობაში ვიმსჯელებთ. ამის შემდეგ შევაჯერებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნავს მამუკა მდინარაძე და განაგრძობს, - „დღეს რაიმე იმასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მაგვარიც კი, რომ მოდით, ჩავატაროთ პლებისციტი, არ შემიძლია, რომ გითხრათ. ამას სჭირდება გუნდის თანხმობა და საზოგადოებრივი კონსესუსი. აქედან გამომდინარე, ჩვენ საბოლოო პასუხს დღეს ვერ გაგცემთ. რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას დაემატა კიდევ ერთი საკითხი, გეთანხმებით, ამ საკითხზე მსჯელობა იქნება, ბუნებრივია, მაგრამ არსებობს ტექნიკური პრობლემები, არსებობს დროის საკითხიც ასევე განხილვას და დეტალიზაციას საჭიროებს. ამიტომ უკაცრავად, მედიასთან და საზოგადოებასთან, დღეს, აკაკი ზოიძის განცხადებიდან, რამდენიმე წუთის შემდეგ ჩვენ საბოლოო პასუხს ვერ გავახმოვანებთ, მაგრამ ვიმსჯელებთ. მიდგომა - მოდით ვკითხოთ ხალხს, ბუნებრივია, არ შეიძლება, იყოს წინააღმდეგობრივი ჩვენ აზრთან“.

აკაკი ზოიძის თქმით, რეფერენდუმის ან პლებისსციტის დანიშვნა ხელს შეუწყობს საზოგადოებაში დაპირისპირების პრევენციას და ქვეყნის განვითარების შესახებ კითხვებს მოხსნის მოხსნის.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია პარლამენტის, მთავრობის ან არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ საკითხებზე, მისი დანიშვნის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.

არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად, ამნისტიის ან შეწყალების გამო, საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების ან დენონსირების შესახებ, აგრეთვე ისეთ საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას. რეფერენდუმის დანიშვნასა და ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, პლებისციტი არის კენჭისყრით საერთო-სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე ამომრჩეველთა ან მათი ნაწილის აზრის გასაგებად. პლებისციტს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. პლებისციტის შედეგები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG