Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის ეზოში პოლიციის სიმრავლეა


საქართველოს პარლამენტის ეზოში სამართალდამცავების სიმრავლეა. დილიდან ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს 6 ავტობუსი და მირკოავტობუსი და სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანები.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტთან საპროტესტო აქციას დღეიდან განაახლებენ. კვლავ დაგეგმილია პარლამენტის პიკეტირება.

18 ნოემბერს, საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს პარლამენტის პიკეტირების აქცია და 37 პირი დააკავეს ხულიგნობის და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებებით. შსს-მ აქციის დაშლის საფუძვლად დაასახელა შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის მე-9 მუხლის დარღვევა. კერძოდ, ის, რომ კანონით აკრძალულია შენობის შესასვლელების ბლოკირება.

უფლებადამცველები ადასტურებენ, რომ ფორმალურად არსებობდა პიკეტირების აქციის დაშლის საფუძველი, თუმცა, ხაზს უსვამენ, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა კონტექსტი, რომელმაც მშვიდობიანი აქციის ეს ფორმა განაპირობა და არც ის, რომ გამომწვევ მიზეზზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება.

14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო "ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა, სულ მცირე, 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს, ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას წარმოადგენენ.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის, ცესკოს შემადგენლობის შეცვლის, ვადამდელი პროპორციული არჩევნების და 20-21 ივნისის აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG