Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აკაკი ზოიძე პოლიტიკური პროცესის სტაბილიზაციის შესაძლებლობას ხედავს


„ჩემი გადაწყვეტილება რჩება ძალაში - დაპირისპირებასა და პოლარიზაციაში ჩემი ადგილი არ არის საჯარო და პარტიულ პოლიტიკაში“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

„დღეს, უმრავლესობამ, ჩვენმა გუნდმა არ გაიზიარა ის შეთავაზება, რაც მე მქონდა და რაც მე მიმაჩნდა, რომ იქნება ამ პოლიტიკური სიტუაციის ნორმალურ პროცესში გადაყვანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ ხალხისთვის გვეკითხა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე, ამიტომ სამწუხაროა, რომ რეალურად ეს ნაბიჯი არ გადაიდგმება“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

თუმცა, იგი ხედავს, რომ ვითარების სტაბილიზებისთვის ჯერ კიდევ არსებობს რესურსი.

„ძალიან მინდა პროცესები გადავიდეს პოზიტიურ კალაპოტში, მოლაპარაკების მაგიდასთან, არა დაპირისპირების და პოლარიზაციის მიმართულებით. რამდენიმე დღეში გამოჩნდება ეს. საით წავა - იქნება ეს შემდგომი პოლარიზაცია, შემდგომი დაპირისპირება თუ პროცესები გადავა ნორმალურ კალაპოტში, ამის შესაბამისად საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

დამატებით კითხვაზე, რა უჩენს ვითარების სტაბილიზაციის მოლოდინს, მან უპასუხა, რომ „გამოუსწორებელი ოპტიმისტია“.

22 ნოემბერს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარება შესთავაზა.

25 ნოემბერს „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით გაიმართება, თუმცა იმ ოლქებში, სადაც გამარჯვების შანსი ოპოზიციას ექნება, „ქართული ოცნება“ კანდიდატებს არ დაასახელებს.

საარჩევნო რეფორმის საკითხი საერთო-სახალხო კენჭისყრაზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს დადგება.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით, პარლამენტთან საპროტესტო აქციას დღეს საღამოდან განაახლებენ. კვლავ დაგეგმილია პარლამენტის პიკეტირება.

18 ნოემბერს, საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს პარლამენტის პიკეტირების აქცია და 37 პირი დააკავეს ხულიგნობის და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებებით.

საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა, სულ მცირე, 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას წარმოადგენენ.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის, ცესკოს შემადგენლობის შეცვლის, ვადამდელი პროპორციული არჩევნების და 20-21 ივნისის აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG