პარლამენტის წევრი „ევროპული საქართველოდან“ გიგა ბოკერია „მთავარი არხის“ ეთერში ჰყვება, რომ პოლიციამ აქციაზე შეშის და წალმის შეტანის საშუალება არ მისცა.
„წალამზე დამიჭირეს. პოლიციამ თავიდან აგვიხსნა, რომ საშიში ნივთი არის შეშაო. დავემორჩილეთ შეშის ნაწილში და მოვიტანეთ წალამი, რომლის სროლითაც ვინმეს დაზიანება შეუძლებელია. ამას დახვდა დიდი რაზმი, ძირითადად, კრიმინალური პოლიცია იყო. ერთ-ერთმა მათგანმა სცადა, რომ დეპუტატებს ფიზიკურად შეხებოდა და შემდეგ დაგვაკავეს. მითხრეს, რომ გაგარიდეთ სახიფათო ვითარებასო და ჩამომსვეს მანქანიდან“, - თქვა გიგა ბოკერიამ.
დეპუტატი აქცენტს პოლიციელებისთვის მიცემულ დავალებაზე აკეთებს.
„მთავარი საკითხი ჩემი დაკავება არ არის. მთავარია, რა ცინიკური ამოცანა არის დასმული პოლიციისთვის პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან: არ დაუშვას მომიტინგეების და აქტივისტების გათბობა, რომ გაიყინონ ღამით და დაიშალონ. ეს არის მზაკვრული გეგმა, ძალიან სამწუხარო რეალობა. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი, რატომ უნდა შეიცვალოს საქართველოში ყველაფერი“, - აღნიშნავს ბოკერია.
„ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ კვლავ გამოიყენებენ ასეულობით პოლიციელის ძალას.
„გამოიყენონ, ეს რეჟიმი ასე ვერ „გაქაჩავს“. სპეცრაზმით და პოლიციის სესიის ჩატარება ვერ გაგრძელდება და ეს ყველაფერი მათთვის კიდევ უფრო დრამატულად დასრულდება. თუ იქამდე გონს არ მოეგებიან“, - ამბობს ბოკერია.
შსს-ში რადიო თავისუფლებას გიგა ბოკერიას და პარლამენტის წევრ თენგის გუნავას დაკავება არ დაუდასტურეს.
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ აქციის მონაწილეებისთვის შეშისა და კასრების წართმევა შეკრება-მანიფესტაციის უფლების უკანონო შეზღუდვად შეაფასა.