Accessibility links

"თბილისის მიკროავტობუსის" დირექტორი მიკროავტობუსით მგზავრობის ტარიფის გაზრდას ითხოვს


შპს „თბილისის მიკროავტობუსის“ დირექტორი დავით ასანიძე აცხადებს, რომ 2020 წლიდან დედაქალაქში სამარშრუტო ტაქსების პარკის განახლება იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ არსებული პრობლემები მგზავრობის ტარიფში აისახება. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დავით ასანიძემ აღნიშნა, რომ კომპანიის ზარალი 115 მილიონ ლარს შეადგენს, ამ თანხიდან 50 მილიონი ლარის ზარალი კი კომპანიას ლარის კურსის გაუფასურების შედეგად მიადგა:

„2011 წელს, როდესაც ლიცენზია მოვიპოვეთ, გაცვლითი კურსი იყო 1.65. ამ კურსზე იყო ჩვენი ბიზნესგათვლა და ჩადებული იყო კურსის 10-20%-იანი ცვლილება. მაშინ მთლიანად განვაახლეთ მიკროავტობუსების პარკი. დაახლოებით 63 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩავდეთ.

თუ, დავუშვათ, შეიცვლებოდა კურსი ამაზე მეტად, ტარიფშიც უნდა შეცვლილიყო ეს. დღეისათვის კურსი მნიშვნელოვნად შეცვლილია, თუმცა ეს არ ასახულა ტარიფზე. ასტრონომიულ ციფრს მიაღწია კომპანიის ზარალმა. აუდიტირებული ზარალი ამ დროისთვის 115 მილიონია.ზარალზე ვმუშაობთ, რომელსაც კომპანიის მფლობელები ფარავენ“, - განაცხადა დავით ასანიძემ. იგი ამბობს, რომ კომპანია გაგებით ეკიდებოდა ქალაქში არსებულ სოციალურ სიტუაციას, თუმცა დღეისათვის ტარიფის გაზრდის გარდა სხვა გამოსავლის მონახვა შეუძლებელია:

„დღევანდელი და 2011 წლის ფასები რომ შევადაროთ, ყველაფერზე თითქმის გაორმაგებულია, 100%-ით გაძვირდა საწვავი, გარდა ჩვენი მგზავრობის ტარიფისა. გამოსავალი ისაა, რომ ეს საკითხები მგზავრობის ფასში აისახოს“, - აღნიშნა დავით ასანიძემ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერს დაავალა, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკებები დედაქალაქში მიკროავტობუსების მმართველ კომპანიასთან იმისთვის, რათა 2020 წლიდან ავტოპარკის განახლება დაიწყოს. ამ მიმართულებით კონკრეტული გეგმის მოსამზადებლად თბილისის მერმა ვიცე-მერს ორი კვირის ვადა მისცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG