Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ზალკალიანი: ჩემს ქვეყანას თავისუფალ და ოკუპირებულ ნაწილებად მავთულხლართები ჰყოფს


ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრატისლავაში, 2019 წლის 5 დეკემბერი
ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრატისლავაში, 2019 წლის 5 დეკემბერი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ოკუპაციის მძიმე შედეგებზე ილაპარაკა ბრატისლავაში, ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 26-ე სესიაზე გამოსვლისას.

„ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგ, ჩემს ქვეყანას თავისუფალ და ოკუპირებულ ნაწილებად კვლავ მავთულხლართები და ფიზიკური ბარიერები ჰყოფს. ადგილობრივებს ეზღუდებათ თავისუფლად გადაადგილება და მათ თავიანთ სახლებთან, სახნავ-სათეს ნაკვეთებთან, რელიგიურ ნაგებობებთან, სასაფლაოებთან და წყლის რესურსებთან წვდომა არ გააჩნიათ. საოკუპაციო ძალები კვლავ იტაცებენ ადგილობრივ მოსახლეებს, მათ შორის ქალებს, ბავშვებსა და ექიმებსაც კი. საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავების შემთხვევა ოკუპაციის უმძიმესი ჰუმანიტარული შედეგის კიდევ ერთი დასტურია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რეგიონის მთავარ გამოწვევად კონფლიქტები დაასახელა.

დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს ოკუპირებულ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა მკვეთრად უარესდება და საოკუპაციო ძალის მხრიდან გრძელდება ინტენსიური მილიტარიზაცია, რაც ადგილზე ვითარების კიდევ უფრო დიდ დესტაბილიზაციას ახდენს: „უფრო მეტიც, საოკუპაციო ძალა კიდევ უფრო წინ მიიწევს საქართველოს მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიებზე მიწების მიტაცებისა და საგუშაგოების მშენებლობის გზით“.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეროვნებით ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაცია გამოიყენება როგორც საქართველოზე პოლიტიკური წნეხის ბერკეტი: „ნებისმიერ დროს, ამ ადამიანებმა შეიძლება საოკუპაციო რეჟიმის სხვა მსხვერპლთა - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას ბედი გაიზიარონ. ჯერ კიდევ არავის უგია პასუხი მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის და ამან კიდევ უფრო გაამძაფრა ოკუპირებულ რეგიონებში დაუსჯელობის განცდა“.

ზალკალიანმა ილაპარაკა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკაზე და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მთლიანად ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წელს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს: „ჩვენ არაერთხელ დავადასტურეთ ერთგულება ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებასთან მიმართებაში და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, თავადაც გადადგას შემხვედრი ნაბიჯი და შეასრულოს ეს ვალდებულება“.

„რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, რომლის მიზანია ძალის გამოყენებით შეცვალოს ევროპაში არსებული საზღვრები, მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ არ არის მიმართული. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დავადასტურო, რომ საქართველო არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიის მცდელობას და უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების ნაწილის დროებით ოკუპაციას“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა, რათა აიძულოს რუსეთის ფედერაცია შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები: „საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი განუხრელად განაგრძოს სვლა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის არჩეულ გზაზე და კიდევ უფრო განამტკიცოს თავისი დემოკრატია. ჩვენ მზად ვართ ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესის შედეგები და სიკეთეები საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ ადამიანებსაც გავუზიაროთ“.

ბრატისლავაში, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში დავით ზალკალიანი 5 დეკემბერს შეხვდა ლიეტუვის, პოლონეთის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG