ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულ ბერს, სვიმონ (გიგა) ქავთარაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა.
პროკურორმა მარიამ ქორიძემ განაცხადა, რომ საქმეში არსებობს ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები და, შესაბამისად, მოითხოვა პატიმრობა, რადგან, მისი განმარტებით, არსებობს საფრთხე მტკიცებულებების განადგურების, გამოძიებისთვის ხელის შეშლის. ამას გარდა, ჯერ კიდევ დასადგენია ნარკოტიკული საშუალებების წარმომავლობა და შესაძლოა, ამ პროცესს სასულიერო პირმა ხელი შეუშალოს.
მის შუამდგომლობას არ დაეთანხმა ადვოკატი ჯიტა გულუა. მისი თქმით, პროკურორის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან ბრალდებული თავად გამოცხადდა პოლიციაში და პასუხისგებისთვის მზაობა გამოთქვა.
ჯიტა გულუამ განაცხადა, აგრეთვე, რომ მას ხელთ აქვს წერილი სასულიერო პირებისგან, რომლებიც ბერს თავდებად უდგებიან და მის გამოსწორებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობას იღებენ.
ჯიტა გულუამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, გამოიყენონ გირაო, 20 ათასი ლარის ოდენობით.
საბოლოოდ, სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა. ადვოკატი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
ბერს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილებით აქვს წარდგენილი.
ბერი გიგა ქავთარაძე და კიდევ ერთი მოქალაქე, რომან მალანია, ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მალანიას ზუგდიდის სასამართლომ საპატიმრო გირაო (10 ათასი ლარის ოდენობით) შეუფარდა.