Accessibility links

logo-print logo-print

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს


დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი იუწყება, რომ 7 დეკემბერს კასპის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

„უშიშროების კომიტეტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაკავებულები არიან სოფელ ბოჟამის მცხოვრები ემზარ გამხიტაშვილი, ლამისყანის მკვიდრი ემზარ ზარიძე, სამთავისის მცხოვრებლები - მერაბ და 14 წლის მოზარდი ავთანდილ გამხიტაშვილები, რომელიც მაშინვე გაათავისუფლეს.

დანარჩენების მიმართ კი გამოძიება და მასალების სასამართლოსთვის გადაცემის მზადების პროცესი მიმდინარეობს. დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები საოკუპაციო გამყოფ ხაზთან არსებულ ტყის მასივში შეშას ამზადებდნენ, რა დროსაც ისინი დააკავეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რადიო თავისუფლებასთან ადასტურებს 7 დეკემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კასპის მუნიციპალიტეტის 4 მკვიდრის უკანონო დაკავების ფაქტს.

„მათი უკანონო დაკავებისთანავე სუს-მა გაააქტიურა „ცხელი ხაზი“ და ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM). მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად. „ცხელი ხაზის“ ეფექტური ფუნქციონირების შედეგად, უკანონოდ დაკავებულთა შორის მყოფი არასრულწლოვანი, უკვე გათავისუფლებულია და იმყოფება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, - გვითხრეს სუს-ის პრესსამსახურში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG