Accessibility links

logo-print logo-print

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ სამართლიანობას სენატი აღადგენს


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში

თეთრ სახლში აშშ-ის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო პოლიტიკური ეპიზოდის კულმინაცია უწოდეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას.

თეთრი სახლის პრესმდივნის სტეფანი გრიშემის განცხადებით, დემოკრატებმა პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის უკანონო მუხლები დაამტკიცეს კანონდარღვევის დადასტურებისა და რესპუბლიკელების ხმების გარეშე.

გრიშემის თქმით, მთელი ამ ფარსის განმავლობაში დემოკრატები პრეზიდენტს უარს ეუბნებოდნენ კანონით მინიჭებული უფლებებით სარგებლობაზე, საიდუმლოდ, დახურულ კარს მიღმა ჩაატარეს გამოძიება და მედიაში თავის პარტნიორებს შერჩევით აწვდიდნენ ცნობებს ცრუ საინფორმაციო კამპანიის საწარმოებლად.

თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ სენატი აღადგენს წესრიგს, სამართლიანობას და წარმომადგენელთა პალატის მიერ იგნორირებულ სამართლებრივ პროცედურებს. გრიშემის თქმით, პრეზიდენტი მზად არის შემდგომი ნაბიჯებისთვის და დარწმუნებულია, რომ სრულად გაამართლებენ.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, სადაც უმრავლესობა დემოკრატებს აქვთ, 18 დეკემბერს, ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების და კონგრესის მუშაობისთვის ხელისშეშლის ბრალდებებით.

წარმომადგენელთა პალატის მიერ იმპიჩმენტის გამოცხადების მიუხედავად, პრეზიდენტი ტრამპი სახელმწიფოს მართვას განაგრძობს. პრეზიდენტის ბედს საბოლოოდ გადაწყვეტს სენატი, სადაც უმრავლესობა აქვთ დონალდ ტრამპის თანაპარტიელ რესპუბლიკელებს.

დემოკრატები დონალდ ტრამპს ადანაშაულებენ უფლებამოსილების პირადი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებაში. დემოკრატების მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისგან მოითხოვდა სავარაუდო კორუფციის ფაქტზე გამოძიების დაწყებას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენის ვაჟის წინააღმდეგ და ამას უკავშირებდა კიევისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას. აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟი ჰანტერ ბაიდენი 2014 წლიდან 2019 წლის დასაწყისამდე იყო უკრაინაში გაზის მომპოვებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის „ბურისმას“ დირექტორთა საბჭოს წევრი.

დონალდ ტრამპი დემოკრატების ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა, უარი თქვა წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებულ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG