Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილს სურს საქართველოს რუსეთთან „ნორმანდიის ფორმატის“ ტიპის მოლაპარაკება ჰქონდეს


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით დიპლომატიურ გზებს სათანადოდ არ იყენებს.

„თუ საშუალება იქნება, რომ იყოს ნორმანდიის ტიპის ფორმატი, სადაც საქართველო თავის პარტნიორებთან ერთად იქნება [მისასალმებელია]. მარტო მოლაპარაკებების ძალა ჩვენ არ გაგვაჩნია. შედეგიანი, რომ იყოს მოლაპარაკება, არ უნდა იყო იმ არათანასწორ მდგომარეობაში, რომელიც იქნება მაშინ [პირისპირ მოლაპარაკების შემთხვევაში] ჩვენი მდგომარეობა. გვჭირდება ეს მხარდაჭერა. რატომ შედის უკრაინა ამ ფორმატში და არა პირდაპირ ურთიერთობაში?! შეიძლება, მერე დრო მოვიდეს, როდესაც პირდაპირი ურთიერთობებიც საჭირო იქნება, მაგრამ ჩვენ უნდა დავიწყოთ. ეს საშუალება თუ გვექნება, კარგი იქნება. ჩვენ უნდა ვეძებოთ ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ გადავწყვიტოთ სიტუაცია“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა „პირველ არხთან“ ინტერვიუში.

პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დიალოგი და მოლაპარაკება არ ნიშნავს დათმობას.

„ხაზი არის დასადგენი და არ არის ადვილი. წითელი ხაზებიც უნდა არსებობდეს და საკმაოდ რთულია. ბევრად ადვილია, ვიყოთ ასე გაშეშებული, როგორც ვართ და რეალურად ვერ ვწყვეტთ“, - აღნიშნავს ზურაბიშვილი.

შეკითხვაზე, რამდენად ხედავთ საქართველოს დასავლელი პარტნიორების მზადყოფნას იმისთვის, რომ ნორმანდიის მსგავსი ფორმატი შედგეს? პრეზიდენტი პასუხობს: „მათ მაგივრად ვერ ვიტყვი. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად და ვეუბნებოდეთ, რომ გვჭირდება ასეთი ფორმატები“. მას მიაჩნია, რომ უკრაინის საკითხს აქვს ტესტის დატვირთვა: თუ ამ ფორმატმა გაამართლა, შეიძლება, საჭირო გახდეს მისი გავრცობა.

პარიზში 9 დეკემბერს გაიმართა ე.წ. „ნორმანდიის ოთხეულის“ შეხვედრა, რომლის მონაწილეებმა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუილ მაკრონმა და უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებმა, ვლადიმირ ზელენსკიმ და ვლადიმირ პუტინმა განიხილეს არაერთი საკითხი აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოწესრიგების მიზნით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ოთხ თვეში კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს.

სამიტის მონაწილეთა რვა საათიანი მოლაპარკების შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის არმიასა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტულ ძალებს შორის დაკავებული პირების გაცვლის თაობაზე, პრინციპით, „ყველა ყველაზე“ წლის ბოლომდე.

XS
SM
MD
LG