უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენკიმ, შაბათს განაცხადა, რომ პატიმრების მორიგი გაცვლა კვირას არის მოსალოდნელი. ამ თარიღს ასახელებენ ასევე რუსეთის საინფორმაციო საშუალებები.
„გაცვლა ხვალ უნდა მოხდეს. ჩვენ ველოდებით ამას. ჯერჯერობით ადამიანების ვერიფიკაცია ბოლომდე არ არის დასრულებული“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ფორმატით „ყველა ყველაზე“ პატიმრების გაცვლაზე შეთანხმებას უკრაინამ და რუსეთმა 9 დეკემბერს მიაღწიეს, პარიზში გამართული სამიტის დროს, რომელშიც გერმანიის, რუსეთის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერები მონაწილეობდნენ.
უკრაინული წყაროების თანახმად, პატიმართა გაცვლის სამზადისში, 27 დეკემბერს. ქალაქ დნეპრში პატიმრობიდან გათავისუფლდა სახელმწიფო ღალატში დადანაშაულებული ორი პირი, ხოლო მარიუპოლში - პოლიციაზე თავდასხმაში ბრალდებული 4 კაცი. მძიმე დანაშაულის ჩამდენი პატიმრები გაათავისუფლეს ასევე ზაპოროჟიესა და ხარკოვში. მოელიან, რომ შაბათს პატიმრობიდან გაათავისუფლებენ ასევე პოლიციის სპეცრაზმ „ბერკუტის“ სამ წევრს, ხოლო ოდესაში - დივერსიისა და მასობრივი არეულობისათვის მსჯავრდებულ 11 კაცს.
დონბასელმა სეპარატისტებმა, თავის მხრივ, საპატიმროებიდან უნდა გაათავისუფლონ უკრაინელი სამხედროები, აქტივისტები და უკრაინულ სპეცსამსახურებთან თანამრომლობაში ეჭვმიტანილი სამოქალაქო პირები. ზუსტი სიები არ გამოქვეყნებულა.
ვარაუდობენ, რომ გათავისუფლებულთა შორის იქნება სტანისლავ ასეევი, რადიო თავისუფლების პროექტ „Донбасс.Реалии“-ს თანამშრომელი, რომელიც ორი წელია ტყვეობაში იმყოფება.