Accessibility links

logo-print logo-print

ილია მეორე შეხვდა საქართველოში მყოფ ვატიკანის ეკლესიის დელეგაციას


ილია მეორე

საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე, საქართველოში სტუმრად მყოფ ვატიკანის სახელმწიფო მდივან, კარდინალ პიედრო პაროლინს შეხვდა და ამ ვიზიტს „ისტორიული ერთობის დასტური“ უწოდა.

„თქვენ მოგეხსენებათ, რომ საქართველოში იქადაგა ანდრია პირველწოდებულმა. მეოთხე საუკუნეში ოფიციალური რელიგია გახდა ქრისტიანობა მირიან მეფის დროს და მეხუთე საუკუნეში ავტოკეფალური. ცნობილი კანონისტი, მალსაბონი, რომელიც შემდეგ იყო ანტიოქიის პატრიარქი, წერს - ამბობენ, რომ საქართველოს ეკლესია და კვიპროსის ეკლესია გახდა დამოუკიდებელი, ავტოკეფალური ნეტარი პეტრეს დროს. საქართველოშიც პეტრე იყო და ანტიოქიაშიც პეტრე იყო. მე-11 საუკუნეში საქართველოს მეთაურს ებოძა პატრიარქის წოდება“, - განაცხადა ილია მეორემ.

კარდინალმა პიედრო პაროლინმა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს რომის პაპის სალამი გადასცა. „ორშაბათს შევხვდი პაპს და ვუთხარი, მივემგზავრები საქართველოში და შობის დღესასწაულზე, რომში არ ვიქნები, ვუთხარი, რომ ვიქნები საქართველოში და როგორც კი საქართველო ვუხსენე, სახე გაებადრა რომის პაპს და მითხრა, გადაეცი ჩემი გულითადი სალამი საქართველოს პატრიარქსო“, - განაცხადა სტუმარმა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა თანამედროვეობის გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება.

"ბევრი განსაცდელი გვაქვს გამოვლილი საქართველოს. ჩვენ ვიცავდით ჩვენს ეროვნებას, კულტურას, ჩვენს ტრადიციებს, ენას და დღემდე ვცხოვრობთ ბრძოლაში. მოგეხსენებათ, რომ ძალიან რთულ დროს ვცხოვრობთ. კაცობრიობა მივიდა უფსკრულთან და ჩაიხედა მასში. ასე რომ, თქვენი ვიზიტი დიდად მნიშვნელოვანია და ჩვენ კიდევ ერთხელ გულითადად მოგესალმებით“, - განაცხადა ილია მეორემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG