Accessibility links

ნიკა გვარამია: მოსამართლე გიორგი არევაძე [ციხეში] უკუნითი უკუნისამდე იჯდება


თბილისის საქალაქო სასამართლოში 6 იანვარს განახლდება „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი.

„რუსთავი 2“-ის საქმეზე ამავე არხის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ადვოკატი ბექა ბასილაია მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა.

„მოსამართლეს დავალება აქვს მიღებული, რომ უახლოეს ორ თვეში მორჩეს საქმეზე მტკიცებულებათა გამოკვლევას, რათა გაზაფხულისთვის მზად იყოს იმ განაჩენის მისაღებად, რასაც ბიძინა ივანიშვილი დაუკვეთავს“, - თქვა დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ ბექა ბასილაიამ. როგორც ის ამბობს, მოსამართლე არევაძე კვირაში 3-4 პროცესს ატარებს ამ საქმეზე, ისევე, როგორც თიბისის საქმეზე. ამავე დროს, ბასილაიას ცნობით, ამავე მოსამართლეს აქვს საქმეები, რომლებსაც 2-3 წელია განიხილავს და არასდროს დაუჩქარებია.

„ამის შესახებ, როდესაც მივუთითეთ, რაღაც დიდაქტიკური შეგონებები დაიწყო, მე ვარ მოსამართლე და რასაც ვიტყვი, ისე იქნებაო. არევაძეს თავი ჰგონია ქურდულ „სხადნიაკზე“ და არა სასამართლოზე“, - თქვა ადვოკატმა.

როგორც ბასილაიამ აღნიშნა, პრობლემა ისაა, რომ არევაძე არ ითვალისწინებს დაცვის მხარისთვის მისაღებ გრაფიკს და სხდომებს იმ დროს ნიშნავს, როდესაც ადვოკატს სხვა პროცესები აქვს.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ მოსამართლე არევაძე დაისჯება.

„გიორგი არევაძე ციხეში მოხვდება აუცილებლად, გარანტიას ვაძლევ. მასთან ერთად ციხეში დაასრულებს საკუთარ კარიერას პროკურორი, რომლის სახელი და გვარი არ ვიცი და არც აქვს. ვუსურვებ, რომ სიცოცხლე ციხეში არ დაასრულონ, გამოვიდნენ და შვილიშვილები გაზარდონ.

ნებისმიერ შემთხვევაში, რამდენ თვეშიც არ უნდა დაასრულოს გიორგი არევაძემ ეს საქმე, 2020 ივანიშვილისთვის არის ბოლო წელი. ჩემი ციხეში ჩასმა რომც მოასწროს, მე მაინც გამოვალ და ეს [გიორგი არევაძე] ძალიან დიდი ხნით, უკუნითი უკუნისამდე იჯდება იქ, სადაც უნდა იჯდეს“, - აღნიშნა გვარამიამ და დაამატა, - „უკაცრავად და უცოდინარი, იდიოტი პროკურორების აზრი გაითვალისწინეს ბრმად მოსამართლეებმა, იმიტომ, რომ თვითონაც უცოდინარი იდიოტები არიან გიორგი არევაძის ჩათვლით, ყველა მოსამართლე, რომელიც ამას იტანს და არ აქვს ამბოხი ამ სისტემის მიმართ“.

3 იანვარს სასამართლო სხდომაზე სიტყვით ბრალდების მხარე წარდგა.

პროკურატურის ბრალდების თანახმად, ნიკა გვარამიამ თავისი ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე დაუთმო „ინტერ მედია პლუსს“ კომერციული რეკლამის განთავსების უფლება. შედეგად, როგორც ბრალდების მხარე ამბობს, 2015 წელს შპს „რუსთავი 2“-ის ზარალმა 7 377 230 ლარი შეადგინა.

ნიკა გვარამიას თქმით, იმის გამო, რომ 2015 წელი რისკებს შეიცავდა, სწორი იყო წინასწარ დადგენილი თანხით ხელშეკრულების გაფორმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG